Accessibility links

logo-print

დააკავეს შპს „ტაოს“ ხელმძღვანელი, რომელიც ვანო მერაბიშვილის ნათესავია


საქართველოში დააკავეს შპს "ტაოს" ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი, რომელიც, ცნობების თანახმად, ყოფილი პრემიერის, ვანო მერაბიშვილის ბიძაა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს გამოძიება ტყით სარგებლობის ლიცენზიით გათვალისწინებული პირობების შესრულების კანონიერების, ხე-ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება- გამოყენების ფაქტებზე. გამოძიების ფარგლებში დაკითხეს, დაკითხვის შემდეგ კი დააკავეს „ტაოს“ ხელმძღვანელი ლევან თუმანიშვილი. საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსის" ცნობით, საგამოძიებო სამსახურში გამორიცხავენ "ტაოს" ხელმძღვანელის დაკავების პოლიტიკურ მოტივს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, თუმანიშვილის უშუალო ხელმძღვანელობით საწარმოს თანამშრომლები სამცხე-ჯავახეთის ტყის უბნებში უკანონოდ ჭრიდნენ ხე-ტყეს და მწვანე ნარგავებს, რის შემდეგაც, მოპოვებული მასალა მიჰქონდათ თუმანიშვილის კუთვნილ გადამამუშავებელ საამქროში. გამოძიების თანახმად, ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 150 000 ლარით განისაზღვრა.
XS
SM
MD
LG