Accessibility links

logo-print

მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დააკავეს დემონსტრანტები, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები


მოსკოვის ცენტრში, ლუბიანკის მოედანზე დააკავეს უსანქციო საპროტესტო აქციის მონაწილეები, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები ალექსეი ნავალნი, სერგეი უდალცოვი, ქსენია სობჩაკი და ილია იაშინი. უდალცოვი, სობჩაკი და იაშინი დააკავეს, როცა ისინი ცდილობდნენ, ყვავილებით შეემკოთ საბჭოთა პერიოდის გულაგის მსხვერპლთა მემორიალი. მოსკოვის პოლიციის ცნობით, უდალცოვს, სობჩაკსა და იაშინს წაუყენებენ უსანქციო დემონსტრაციის ორგანიზების ბრალდებას, რასაც შესაძლოა, მკაცრი სასჯელი მოჰყვეს რუსეთში დემონსტრაციების შესახებ ახალი, წელს მიღებული კანონით. პოლიციის ვარაუდით, შაბათს მოსკოვში 500-მდე ადამიანი შეიკრიბა ლუბიანკის მოედანზე, უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობასთან, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მმართველობის გასაპროტესტებლად. მაგრამ დამოუკიდებელი წყაროების ცნობით, მოსკოვის აქციაში მონაწილეობდა 2000-მდე ადამიანი. დემონსტრანტებს შორის იყო მიხაილი. „მოვედი, რომ ვნახო, რით დამთავრდება ეს ყველაფერი. ჩვენ გასული წლიდან დავდივართ (აქციებზე) და შესაბამისად, საინტერესოა, ვნახოთ, როგორ მოახდენს ჩვენი სახელმწიფო რეაგირებას შეუთანხმებელ აქციებზე“, - უთხრა საინფორმაციო სააგენტო „როიტერსს“ მოსკოვის მკვიდრმა მიხაილმა. შაბათს დემონსტრაციის მონაწილეები - ცნობების თანახმად, 26 ადამიანი - დააკავეს სანქტ-პეტერბურგშიც, სადაც სანქცირებული გამოსვლა გაიმართა. სიცივის მიუხედავად, აქტივისტები სანქცირებულ მიტინგებზე შეიკრიბნენ რუსეთის კიდევ რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ეკატერინბურგში, სამარასა და პერმში.
XS
SM
MD
LG