Accessibility links

logo-print

საქართველოს შსს-ს ცნობით, ბანკ "ქართუს" გაკოტრების მიზნით მოქმედებდა დანაშაულებრივი სქემა


საქართველოს შსს-მ დღეს განაცხადა, რომ ბანკ "ქართუს" გაკოტრების მიზნით, ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ ორგანიზებული იყო და მოქმედებდა დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ პარლამენტი და იუსტიციის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები. "შსს-მ გამოიძია და გაშიფრა ორგანიზებული დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც მონაწილეობდნენ სახელმწიფო პოლიტიკური, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, ხოლო სქემა მიზნად ისახავდა ბიძინა ივანიშვილის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით ბანკი ‘ქართუ’-ს გაკოტრებას” - განაცხადა შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა. მისივე თქმით, სწორედ ამ მიზნით პარლამენტმა დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა თანახმად, საგადასახადო დავალიანების შემთხვევაში ფინანსთა სამინისტროს უფლება მიეცა აუქციონზე გაეყიდა იურიდიული პირების ქონება, მიუხედავად იმისა, ჰქონდათ, თუ არა ბანკის ვალი. გიორგობიანის განცხადებითვე, აუქციონზე მყიდველის არარსებობის შემთხვევაში კი ეკონომიკის სამინისტროს უფლება ეძლეოდა, პირდაპირი მიყიდვის წესით გაესხვისებინა ეს ქონება. შსს-ს ინფორმაციით, საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში ფიგურირებს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, რომელმაც 2011 წლის ნოემბრის დასაწყისში, საკუთარ კაბინეტში დაიბარა შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი ჯაბა ებანოიძე, გააცნო ბანკი "ქართუს” გაკოტრების სქემა და მისი განხორციელება დაავალა. შსს-ს ცნობითვე, ჯაბა ებანოიძემ შესრულება დაავალა შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის სამმართველოს იმჟამინდელ უფროსს მამუკა ლაშხიას და მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს ოთარ აგლაძეს, რომლებიც დაუკავშირდნენ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ბიზნესმენებს და მათ არარსებული საგადასახადო დავალიანება აღიარეს. შსს-ს განცხადებით, მას შემდეგ, რაც ფიქტიურ აუქციონზე არცერთი ქონება არ გაიყიდა, ზურაბ ადეიშვილმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს დავით გიორგაძეს პირადად დაავალა ქონება პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებული კომპანიებისთვის. ”ამ გზით ყველა ქონება გაიყიდა იმ კომპანიებსა და ფიზიკურ პირებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდებიან ამავე ქონებების ყოფილ მეპატრონეებს", - განაცხადა ნინო გიორგობიანმა. შსს-ს ცნობით, ჯაბა ებანოიძემ, მამუკა ლაშხიამ, ოთარ აგლაძემ, დავით გიორგაძემ და ბიზნესმენებმა ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მიაწოდეს სრული ინფორმაცია დანაშაულებრივი სქემის შესახებ.
XS
SM
MD
LG