Accessibility links

logo-print

ზურაბ აბაშიძემ გრიგორი კარასინთან შეხვედრის შესახებ პრესკონფერენცია გამართა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შეხვედრას პირველი მსგავსი კონტაქტის კვალობაზე ურიგოდ არ მიიჩნევს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე. მან თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამა გასული კვირის ბოლოს შვეიცარიაში გამართული შეხვედრა. აბაშიძის თქმით, მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა, ფაქტობრივად, ჩიხშია და საჭიროა გამოსავალი მოიძებნოს. პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, დასაწყისისთვის სასაუბროდ განისაზღვრა ვაჭრობის, ტრანსპორტის, ჰუმანიტარულ-კულტურული ურთიერთობის და რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხები. დიალოგის მიზეზთა შორის ზურაბ აბაშიძემ დაასახელა საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის განწყობა, რომ რუსეთთან საერთო ენა უნდა გამოიძებნოს, და დასავლელი პარტნიორების მოწოდება რუსეთთან საუბრის დაწყების შესახებ. მისივე განცხადებით, საქართველოს წინა ხელისუფლებასაც არაერთხელ უთქვამს, რომ მზად იყო რუსეთის წარმომადგენლებთან შესახვედრად წინაპირობების გარეშე, ნებისმიერ დროსა და ადგილას. ”ვდგამთ ამ ნაბიჯს, რადგან ჩვენ რთულ, კონფლიქტებით გადატვირთულ რეგიონს ემუქრება ახალი საფრთხეები, რომელთა მასშტაბის პროგნოზირება ჯერ არავის შეუძლია და ჩვენი ამოცანაა მინიმუმამდე შევამციროთ საქართველოს უსაფრთხოების რისკები” - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, რუსეთთან დიალოგი გულისხმობს ერთმანეთის მოსმენას, აზრთა გაცვლას და კომპრომისული შეთანხმებების ძიებას, თუმცა განსჯის საგანი არ და ვერ იქნება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და საერთაშორისო ურთიერთობებში თავისუფალი არჩევანის საკითხები. ზურაბ აბაშიძემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებით საქართველო არათუ დაასუსტებს ჟენევის ფორმატს, არამედ ხელს შეუწყობს მის გაძლიერებას.
XS
SM
MD
LG