Accessibility links

შსს მინისტრის გადაწყვეტილებით, სამართალდამცავები პატრულირებას მოახდენენ თბილისის ყველა უბანსა და ქუჩაზე


შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან სამართალდამცავები პატრულირებას მოახდენენ არა მხოლოდ ცენტრალურ მაგისტრალებზე, არამედ თბილისის ყველა უბანსა და ქუჩაზე. სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან დედაქალაქს 75 -ის ნაცვლად თბილისის საპატრულო პოლიციის 111 ეკიპაჟი მოემსახურება. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებითვე, სამსახურს დაუბრუნდნენ წინა ხელისუფლების მმართველობისას უკანონოდ გათავისუფლებული სამართალდამცავები. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან დღევანდელი შეხვედრისას მინისტრმა მათ მადლობა გადაუხადა თანამოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვისთვის და განუცხადა, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, პოლიტიკური დავალებების შესრულებას აღარავინ მოსთხოვს. პატრულ-ინსპექტორების ახალ გაზრდილ შემადგენლობაში პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულებიც არიან. შსს-ს განცხადებით, ცვლილებები საზოგადოების უსაფრთხოების მეტ გარანტიას იძლევა და უახლოეს ხანში საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობა რეგიონებშიც გაიზრდება.
XS
SM
MD
LG