Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისში შეხვდა უცხოური მედიასაშუალებების კორესპონდენტებს


საქართველოს პრემიერ-მინისტრი თბილისში შეხვდა უცხოური მედიასაშუალებების კორესპონდენტებს. ადგილობრივი მედიისთვის დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათი უცხოელი კოლეგების შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა ყოფილ ხელისუფლებასთან ურთიერთობას და შერჩევითი სამართლის შესაძლო არსებობას. "დავარწმუნე ისინი, რომ საქართველოში მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს და არ იქნება შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური დევნა” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, საუბარი იყო ეკონომიკის საკითხებსა და სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთთან ურთიერთობაზეც. უცხოური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე. მის შეხვედრას გრიგორი კარასინთან ბიძინა ივანიშვილმა საინტერესო უწოდა. ”ვიმედოვნებთ, ეს პროცესი გაგრძელდება და მოვახერხებთ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას, რომელშიც იგულისხმება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ყველაფერი, რაც საქართველოს კანონით ეკუთვნის” - განაცხადა პრემიერმა. ივანიშვილის თქმით, რუსეთთან მიმართებით საქართველოს მთავრობის ყველა ნაბიჯი იქნება გამჭვირვალე, თანმიმდევრული და პრინციპული. ქართველი ჟურნალსიტების შეკითხვას, ხომ არ დაიგეგმა აბაშიძე-კარასინის შეხვედრისას ივანიშვილის შეხვედრა პუტინთან, ან მედვედევთან, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ უახლოესი მომავლისთვის ამგვარი გეგმა არ არსებობს. "თუმცა, იმედი მაქვს, მომავალში ეს აუცილებლად მოხდება” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
XS
SM
MD
LG