Accessibility links

logo-print

თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი


თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილისა და მასთან ერთად ბრალდებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდა თბილისის საქალაქო სასამართლოში. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა შსს-ს 4 ექსპერტი, რომლებმაც ოფიციალური ინფორმაციით, 2011 წლის მაისში ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან აღმოჩენილი, მიწაში ჩაფლული იარაღის და საბრძოლო მასალის ექსპერტიზა ჩაატარეს. სასამართლო პროცესის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოწმეთა ჩვენებებით საბრძოლო მასალა, რომელიც ერთი თვის განმავლობაში იყო ჩაფლული მიწაში და ამ პერიოდში ხშირად წვიმდა, სველი და ტალახიანი არ ყოფილა. ადვოკატის შეფასებით, მოწმეთა დღევანდელი ჩვენებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქმე "შეკერილია". დღევანდელ პროცესს აღარ ესწრებოდა ერთ-ერთი პროკურორი, რომელიც წინა სხდომებში მონაწილეობდა. ირაკლი ოქრუაშვილის და კიდევ 7 პირის წინააღმდეგ უკანონო ფორმირების შექმნის და ხელმძღვანელობის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმე 2011 წელს აღიძრა. თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა 28 დეკემბერს განახლდება.
XS
SM
MD
LG