Accessibility links

logo-print

ვლადიმირ პუტინი: რუსეთს არ შეუძლია შეცვალოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება


რუსეთი საქართველოს ახალი ხელისუფლებისგან საკმაოდ თავშეკავებულ, თუმცა დადებით სიგნალებს ხედავს - ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა მოსკოვში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. პუტინის თქმით, მოსკოვი მიესალმა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების საკითხებში საქართველოს მთავრობის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას და პასუხიც შესაბამისი ჰქონდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაიმართებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კარასინთან შეხვედრა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტისთვის არცთუ გასაგებია გამოსავალი ჩიხიდან, რომელშიც მისივე თქმით, სიტუაცია შეიყვანა საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა. პუტინის განცხადებით, რუსეთს არ შეუძლია შეცვალოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილება, საქართველოს კი არ შეუძლია მათ აღიარებას დათანხმდეს. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარება რეალურად სურთ, თუმცა დასძინა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით ამაში საქართველო უფრო მეტადაა დაინტერესებული. ”თუმცა ჩვენ არ ვაპირებთ ცხვირი ავწიოთ და ვიძახოთ, რომ ეს ჩვენ არ გვჭირდება, რადგან მიგვაჩნია, რომ ორი ძალიან ახლობელი ხალხის ურთიერთობა უნდა მოგვარდეს”, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, პირადად ჯერჯერობით არ აქვს პასუხი, თუ როგორ უნდა გადაწყდეს ურთულესი პრობლემა. ”მაგრამ რადგან გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან ამ საკითხით პროფესიონალურად დაკავდნენ, მოდით ერთად ვიფიქროთ”, - განაცხადა პუტინმა.
XS
SM
MD
LG