Accessibility links

logo-print

აშშ-ის ხელისუფლებამ შაქრო კალაშოვი დაასახელა სინდიკატ ”საძმოს” წამყვან ფიგურად


20 დეკემბერს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ დაასახელა ევრაზიული დანაშაულებრივი სინდიკატის - ”საძმოს” კიდევ ერთი წამყვანი პირის ვინაობა, აგრეთვე ორი პირისა, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ეხმარებოდა ”საძმოს” ადრე დასახელებულ წევრს. დანაშულში მონაწილე პირთა დასახელება ხდება აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე. პირთა ვინაობას კი ადგენს ფინანსთა მინისტრი, გენერალურ პროკურორთან და სახელმწიფო მდივანთან შეთანხმებით. სახელდებიან პირები, რომლებიც წარმოადგენენ მნიშვნელოვან ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციებს, ან აქვთ კავშირი ასეთ ორგანიზაციებთან. ხუთშაბათს კი დასახელდა ”საძმოს” სახელით მოქმედი, ან ამ ორგანიზაციისთვის მატერიალური დახმარების გამწევი პირი - ზახარი (შაქრო) კალაშოვი. დასახელდა კიდევ ორი პირი - ალმანბეტ ანაპიაევი და დილეტ კასენოვი, რომლებიც მოქმედებდნენ და მატერიალურ დახმარებას უწევდნენ დანაშაულებრივი სინდიკატის კიდევ ერთ წევრს. ”ეს მოქმედება კიდევ ერთხელ ჰფენს ნათელს ”საძმოს” უკანონო ქსელის მოქმედებას და ხელს შეუწყობს მათ განდევნას გლობალური საფინანსო სისტემიდან, აგრეთვე ამერიკის საფინანსო სისტემის დაცვას ისეთი ჯგუფებისგან, რომლებიც თავიანთი დანაშაულებრივი ფულის გათეთრებას ცდილობენ” - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის საკითხებში დევიდ კოენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ”საძმო” მნიშვნელოვან ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციად გამოაცხადა და დაავალა ფინანსთა სამინისტროს დამატებითი სანქციები მიმართოს ამ ორგანიზაციის წევრებისა და ხელშემწყობების წინააღმდეგ. 20 დეკემბრიდან დანაშაულში მხილებული პირების ნებისმიერი ქონება, რომელიც მათ შეიძლება გააჩნდეთ აშშ-ის ტერიტორიაზე, გაიყინა. ”საძმო” შედგება ევრაზიის დანაშაულებრივი ჯგუფების ლიდერებისგან. ეს ჯგუფები კი უმეტესად ბაზირებული არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, თუმცა, ოპერირებენ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში. ”საძმო” არის რამდენიმე დანაშაულებრივი ქსელის ერთგვარი საკოორდინაციო ორგანო. ზახარი კალაშოვი ”საძმოს” წამყვანი ფიგურაა. ის ცნობილია ევრაზიის ორგანიზებული დანაშაულის სამყაროში და არის დაახლოებული პირი ლაშა შუშანაშვილთან, რომელიც 2012 წლის 6 ივნისს იყო გამოვლენილი აშშ-ის შესაბამისი უწყებების მიერ.
XS
SM
MD
LG