Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსტატუსო ქალაქი


გორი
გორი
სამართლებრივად გორი ქალაქი არ არის. ის ტერიტორიული ერთეულია, რომელსაც მუნიციპალიტეტი ჰქვია, მაგრამ გორელების დიდი ნაწილი თავს მაინც ქალაქელად მიიჩნევს.

ბოლო წლების განმავლობაში ყველა დეპუტატობის კანდიდატი ამომრჩეველს ჰპირდებოდა, რომ პარლამენტში მოხვედრისთანავე გორს ქალაქის სტატუსს დაუბრუნებდა, მაგრამ ამ დრომდე ეს ვერავინ შეძლო. ამჯერად ინიციატივას ხელში არასამთავრობო ორგანიზაციები და თვითმმართველობის ექპერტები იღებენ. მათ საზოგადოებას უკვე წარუდგინეს პეტიციის ტექსტი, რომელიც ხელმოწერების შემდეგ ადგილობრივ საკრებულოში შევა. გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მიხეილ ჩიტაძე აცხადებს, რომ პროცედურა რთულია, მაგრამ ამ მოძრაობის დაწყება აუცილებელი იყო.

გორის დაარსება დავით აღმაშენებლის სახელს უკავშირდება და ეს დასახლებული ტერიტორია საუკუნეების მანძილზე ისტორიულ წყაროებში ქალაქად მოიხსენიებოდა. მე-19 საუკუნის ბოლოდან ქალაქს ჰყავდა თვითმმართველობა. საბჭოთა პერიოდშიც კი არსებობდა ქალაქ გორის აღმასკომი. მე-20 საუკუნის 80–იანი წლების ბოლოს მოხდა ქალაქ გორისა და გორის რაიონის გაერთიანება და ქალაქმა დაკარგა საკუთარი მმართველობა. ამის შემდეგ რამდენჯერმე იყო მცდელობა, რომ რაიონი და ქალაქი გაყოფილიყო, მაგრამ, საბოლოოდ, 2006 წლის არჩევნებით თვითმმართველობა ქალაქში საერთოდ გაუქმდა. გორის რაიონის ტერიტორიაზე შეიქმნა გორის მუნიციპალიტეტი, რამაც ქალაქის წარმომადგენლობა საკრებულოში მინიმუმამდე დაიყვანა. იმ პირობებში, როცა ქალაქის მოსახლეობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მესამედზე მეტს შეადგენს და საბიუჯეტო შემოსავლების დიდი ნაწილი ქალაქში გროვდება, საკრებულოში 21 მაჟორიტარი დეპუტატიდან ქალაქში მხოლოდ ერთია არჩეული. პეტიციის ტექსტის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს არასამართლიანი განაწილებაა და მოითხოვენ, რომ ქალაქი გორი გამოეყოს გორის მუნიციპალიტეტს და მიიღოს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. საკრებულოში პეტიციის წარდგენას 1500 ხელმოწერა სჭირდება. ამ აქციის ორგანიზატორები პრობლემას ვერ ხედავენ, რადგან იდეის მხარდამჭერთა რიცხვი არცთუ მცირეა. მწერალი ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ გორი ყველა პირობას აკმაყოფილებს იმისათვის, რომ ქალაქის სტატუსი ჰქონდეს.

გორელი არინა თავაქარაშვილი მზადაა ამ იდეის ავტორებს დაეხმაროს და თვითონაც აქტიური მონაწილეობა მიიღოს ხელმოწერების შეგროვებაში.

დღეს საქართველოში 5 ქალაქსა აქვს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი. გორის მსგავსად, მუნიციპალიტეტებია ზუგდიდი, თელავი, ახალციხე და კიდევ არაერთი ქალაქი. თვითმმართველობის ექსპერტის დავით ლოსაბერიძის აზრით, განცხადებების დონეზე, პოლიტიკური ნება უკვე გაჩნდა, ქვეყანაში რეალური თვითმმართველობა არსებობდეს. აუცილებელია საზოგადოების ჩართულობაც. მიმდინარეობს ექსპერტების მუშაობა ქვეყნის ტერიტორიული მოწყობის კონცეფციაზეც და ახალი თვითმმართველობის საკითხიც ამ სქემაში უნდა ჩაჯდეს.

პეტიციის ავტორები აცნობიერებენ, რომ საკითხი იოლად მოსაგვარებელი არ არის, რადგან დღის წესრიგში დადგება მუნიციპალიტეტის დარჩენილი ნაწილის მოწყობის პრობლემა და საჭირო გახდება მმართველობის უფრო მაღალი დონეების ჩართვაც, მაგრამ მიიჩნევენ, რომ დიალოგი და ქმედებები აუცილებლად უნდა დაიწყოს და უნდა შეიქმნას რეალური თვითმმართველობის განხორციელების პრეცედენტი. ადგილობრივ თვითმმართველობაში პეტიციის შეტანის შემდეგ საკრებულომ კონსულტაციები ცენტრალურ ხელისუფლებასთან უნდა დაიწყოს.
XS
SM
MD
LG