Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკური უმცირესობები - სტუმრის სტატუსით


სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველთან არსებულმა ტოლერანტობის ცენტრმა 18 დეკემბერს შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის სამოქმედო გეგმის შესრულების 2010-2011 წლების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. ეროვნულ უმცირესობათა საბჭო იკვლევდა, თუ რა გაკეთდა და რა პრობლემები რჩება საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების განათლების, კულტურისა და თვითმყოფაბოდის შენარჩუნების, მედიისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პოლიტიკური და სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით. მიმდინარე კვირაში საზოგადოებამ კიდევ ერთი ახალი გამოკვლევის შესახებ შეიტყო, რომელიც ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკურმა ცენტრმა გამოაქვეყნა.
ორივე გამოკვლევიდან ჩანს, რომ, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ცალკეული ღონისძიებებისა, ეთნიკური უმცირესობების დიდი ნაწილი კვლავაც ვერ გრძნობს თავს ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქედ.

რა იწვევს ამ მუდმივი სტუმრის სტატუსის შეგრძნებას და რა ნაბიჯებია სახელმწიფოს მიერ დაუყოვნებლივ გადასადგმელი?

ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დამცველი ორგანიზაციები დღესაც, ისევე როგორც წლების წინ, მიიჩნევენ, რომ საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები ამ ქვეყნის ნაწილად და მოქალაქეებად თავს მხოლოდ დედაქალაქში გრძნობენ, მხოლოდ თბილისში ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას და ხმის მიწვდენას დანარჩენი საზოგადოებისათვის. თბილისისგან მოშორებულ ქალაქებსა და სოფლებში კი, სადაც ისინი კომპაქტურად ცხოვრობენ, მათ თითქოს საკუთარი მიკროსამყარო აქვთ შექმნილი.

ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრის დირექტორი აგიტ მირზოევი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამის ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად იმას ასახელებს, რომ საქართველოში წლების განმავლობაშ მცხოვრები ეს ადამიანები თავს კვლავაც სტუმრად გრძნობენ. ეს ტენდენცია გამოჩნდა კიდეც გამოკვლევაში, სახელწოდებით ”ეთნიკურ უმცირესობათა სათემო ორგანიზაციების საჭიროებების შეფასება”.

”ეთნიკური უმცირესობები ჩაკეტილები არიან საკუთარ მიკროსამყაროში და თავიანთი სამოქალაქო ფუნქციების მხოლოდ მცირე ნაწილს ასრულებენ. მათ აქვთ შეგრძნება, რომ ამ ქვეყნის სტუმრები არიან და დიდი მადლობა ქართველებს, რომ არ გვაგდებენ ამ ქვეყნიდან. ამით შემოვიფარგლოთ და ჩემი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში ან გადაწყვეტილების მიღების დროს ზედმეტი იქნება ნამდვილად”, ამბობს აგიტ მირზოევი.

ამ ჩაკეტილობას თავისი მიზეზები აქვს, რაც ეთნიკური უმცირესობების განათლებას, სახელმწიფო ენის ცოდნას, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, პოლიტიკურ და სამოქალაქო აქტიურობას უკავშირდება. ყველა ეს საკითხი შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული კონცეფციის სამოქმედო გეგმითაა გაწერილი. თუ რა კეთდება და რა რჩება გადაუჭრელ პრობლემად, ამას ეროვნულ უმცირესობათა საბჭო ბოლო ორი წლის განმავლობაში იკვლევდა.
ყველა მოვლენა, რაც თუნდაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ხდებოდა, საპირისპიროს ამტკიცებს და აჩვენებს, რომ ნაკლებად ტოლერანტულები ვიყავით ...
ზაურ ხალილოვი

მედიისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, პრობლემები რეგიონებში ისევ არსებობს, - გვეუბნება მონიტორინგის ჯგუფის წევრი ზაურ ხალილოვი. ბოლო დრომდე ადგილობრივი მოსახლეობა ინფორმაციას რუსულენოვანი ტელეკომპანია ”პირველი კავკასიურიდან” იღებდა, რომელიც ახლახან დაიხურა და მისი ბედი ჯერაც გაურკვეველია. „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ რეგიონალური ტელევიზიების მეშვეობით გადასცემდა საინფორმაციო გამოშვებებს. უფრო რთული ვითარებაა ბეჭდურ მედიასთან მიმართებით, რაზეც, ხალილოვის თქმით, მოთხოვნა არსებობს:

” ხშირად გამიგია რეგიონებში, რომ სურთ გაზეთებში ანალიტიკური სტატიების წაკითხვა, ჩივიან, რომ გაზეთები ან ცალსახად ოპოზიციური ხასიათისაა, ან პროსახელისუფლებო, მათ კი ობიექტური ინფორმაცია სურთ”.

თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა, ზაურ ხალილოვის აზრით, ქართულ მედიაში ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების მიმართ არსებული არატოლერანტული დამოკიდებულებაა. ადამიანების ცხოვრების, კულტურისა და ტრადიციების გაშუქებას პოზიტიური კუთხით მედიასაშუალებათა უმრავლესობა თავს არიდებს. ზაურ ხალილოვი, რაც დრო გადის, სულ უფრო მეტად რწმუნდება, რომ ქართველების ტოლერანტულობა, რითაც ქვეყანა ასე ამაყობს, მხოლოდ მითია:
მაგალითად, საერთოდ არ არსებობს მშობლიური ენის სასწავლო გეგმა და ამ მხრივ განათლების სამინისტრო დამოკიდებულია მეზობელ ქვეყანაზე ...
შალვა ტაბატაძე

”ყველა მოვლენა, რაც თუნდაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ხდებოდა, საპირისპიროს ამტკიცებს და აჩვენებს, რომ ნაკლებად ტოლერანტულები ვიყავით. დღესაც კი, როდესაც ადამიანის მიმართ პრეტენზია აქვთ, მისი ეროვნებით მანიპულირებენ”.

რაც შეეხება განათლებისა და ქართული ენის ცოდნას, როგორც მონიტორინგის ჯგუფის წევრი შალვა ტაბატაძე განმარტავს, არაქართულენოვან სკოლამდელ დაწესებულებებში ორი ძირითადი პრობლემაა - ხელმისაწვდომობა და განათლების ხარისხი. მაგალითად, ნინოწმინდის საბავშვო ბაღში 120 აღსაზრდელია, რაც ნინოწმინდის მოსახლეობის საჭიროებაზე 20-ჯერ ნაკლებია, ბაღს კი უფრო მეტი ბავშვის მიღების შესაძლებლობა არა აქვს. იგივე პრობლემაა მარნეულშიც. მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ იქ დღესაც 200 მშობელი დგას რიგში. რაც შეეხება ხარისხს, ამბობს შალვა ტაბატაძე, მართალია, განათლების სამინისტრომ მეთოდური სახელმძღვანელო შეიმუშავა, მაგრამ ისიც, ენობრივი ბარიერის გამო, ადგილობრივებისათვის მიუწვდომელია. პრობლემების ნუსხა გრძელია:

”მაგალითად, საერთოდ არ არსებობს მშობლიური ენის სასწავლო გეგმა და ამ მხრივ განათლების სამინისტრო დამოკიდებულია მეზობელ ქვეყანაზე. სასწავლო გეგმებში არ არის ასახული ინტერკულტურული ასპექტები. ხშირად ტექსტები შეურაცხმყოფელია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის. ამ კუთხით სამინისტრომ ტოლერანტობის ცენტრთან მემორანდუმიც გააფორმა, რომ ტოლერანტობის ცენტრი ჩართულიყო სახელმძღვანელოების გრიფირებისა და შეფასების პროცესში. ახალმა ხელმძღვანელობამ, მართალია, შექმნა კომისია გრიფირების პროცესისათვის და არასამთავრობო სექტორიც ჩართო, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ შორის არ არიან არც ამ სფეროში კომპეტენტური ორგანიზაციები და არც ტოლერანტობის ცენტრი”.
ყველაზე მეტი სირთულე, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში, სწორედ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შეინიშნებოდა. სწორედ ამიტომაა განსაკუთრებით საჭირო ამ ხალხის ინფორმირება და მათი მეტად ჩართვა პროცესებში ...
უჩა ნანუაშვილი

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მინიმალურია ადგილობრივ პედაგოგთა მონაწილეობა როგორც პროფესიული გადამზადების პროგრამებში, ისე სასერტიფიკაციო გამოცდებში სწორედ იმიტომ, რომ მათ მშობლიურ ენაზე პროფესიული განვითარების პროგრამები არ არსებობს. ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონების სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან სკოლებში, სახელმწიფო ენის სწავლების პრობლემის გარდა, სერიოზულად დგას განათლების ხარისხის პრობლემაც. ამ ხარისხს კი მარტივად ზომავს სასკოლო ოლიმპიადების შედეგებიც. უმაღლესი განათლების თვალსაზრისით, ხელმისაწვდომობა კვოტირების პრინციპის შემოღების შემდგომ ზოგადად გაზრდილია, თუმცა დამაფიქრებელია ათვისებული კვოტირებული ადგილების რაოდენობა:

”საკმადო დიდია პროცენტი იმ აბიტურიენტებისა, ვინც, განაცხადის შეტანის მიუხედავად, ჩაბარება ვერ შეძლო. გასულ წელს იყო 49%, იმის წინ მხოლოდ 51%. ეს კი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მხოლოდ უნარების მშობლიურ ენაზე ჩაბარების პირობებშიც კი ძალიან ბევრი აბიტურიენტი იჭრება, რაც ასევე სერიოზული პრობლემაა”.

სახალხო დამცველს კი, უჩა ნანუაშვილს, ერთ-ერთ მტკივნეულ საკითხად ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური ინტეგრაცია და სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობა მიაჩნია:

”ყველაზე მეტი სირთულე, განსაკუთრებით არჩევნების პერიოდში, სწორედ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში შეინიშნებოდა. სწორედ ამიტომაა განსაკუთრებით საჭირო ამ ხალხის ინფორმირება და მათი მეტად ჩართვა პროცესებში”.

მონიტორინგის ჯგუფის მიერ მომზადებულ რეკომენდაციებს გამოკვლევის პრეზენტაციაზე უსმენდა პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოს თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილიც. მან იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა ხელისუფლებასა, არასამთავრობო სექტორსა და ასევე სახალხო დამცველის აპარატს შორის მომავალშიც გაგრძელდება, ახალი ხელისუფლების პირობებში, რადგან, მისივე თქმით, ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემების თვალსაზრისით, ქვეყანაში ჯერ კიდევ არაერთი გამოწვევაა დასაძლევი.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG