Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს ოფიციალური ბრალდებები წარუდგინეს 19 დეკემბერს დაკავებულებს


დღეს ოფიციალური ბრალდებები წარუდგინეს ენერგეტიკის და ფინანსთა ყოფილ მინისტრს ალექსანდრე ხეთაგურს, რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას, ”თელასის” ხელმძღვანელს დევი კანდელაკს, კომპანია "L&F სერვისის" დამფუძნებელს გიორგი ნემსიწვერიძეს და აუდიტორული ფირმის „გუტიძე, დამენია, ჩანტლაძე სოლოუშენის“ ხელმძღვანელებს კახა დამენიას და იზაბელა გუტიძეს. ისინი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის შემდეგ 19 დეკემბერს დააკავეს საქმეზე, რომელიც შეეხება ქრთამის აღებას და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების გზით შემუშავებულ და განხორციელებულ დანაშაულებრივ სქემას. საგამოძიებო სამსახურმა მის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა სქემის შინაარსი, სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, მოსამართლის ნებართვა, რომლის საფუძველზეც საუბრები ფარულად ჩაიწერა და მოწმეთა ჩვენებები. განცხადება გაავრცელა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, რომლის განმარტებით, ელიტური კორუფციის სქემა გამოვლენილია პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო მოქმედებების შედეგად. მთავარმა პროკურატურამ არალოგიკური უწოდა პოლიტიკოსთა ნაწილის შეფასებას, რომ ნიკა გვარამიას დაკავება მედიაზე ზეწოლაა და განმარტა, რომ გვარამია რუსთავი -2 ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა 2012 წლის 14 ნოემბერს, ხოლო გამოძიება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე 8 ნოემბერს დაიწყო, რასაც შესაბამისი ოფიციალური დოკუმენტები ადასტურებს.
XS
SM
MD
LG