Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პროკურატურამ ციხის სკანდალთან დაკავშირებული საქმე გახსნილად გამოაცხადა



საქართველოს მთავარი პროკურატურა აცხადებს, რომ გახსნილია ე.წ. ციხის სკანდალის საქმე. ლაპარაკია 2012 წლის 18 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და ვიდეომასალაზე, რომლის თანახმად მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ახორციელებდნენ პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას. იმხანად შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობა და ვიდეოფირზე დაფიქსირება ხდებოდა დაკვეთით, პატიმარ თამაზ თამაზაშვილის მეშვეობით, სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ. 18 სექტემბერსვე გავრცელებული ინფორმაციით, ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებული იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი. თუმცა, წინა ხელისუფლების დროს გახსნილად გამოცხადებულ საქმეს, პროკურატურის ახალი ხელმძღვანელობა სიყალბეს უწოდებს და განმარტავს, თუ რა მოხდა სინამდვილეში. „2012 წლის სექტემბრის დასაწყისში, საქართველოს იუსტიციის იმდროინდელი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისათვის ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილმა თანამშრომელმა ვლადიმერ ბედუკაძემ, პატიმრების ცემისა და წამების ამსახველი კადრები გაიტანა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც გეგმავდა მათ დემონსტრირებას ევროპელი უფლებათადამცველებისა და მედიის წინაშე. მოსალოდნელი პოლიტიკური სკანდალის თავიდან აცილების მიზნით, ზურაბ ადეიშვილმა გადაწყვიტა დაესწრო მოვლენებისთვის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იმჟამინდელ ხელმძღვანელთან, დავით ჭაკუასთან ერთად შეიმუშავა სპეციალური დანაშაულებრივი გეგმა, რომლის თანახმადაც, მე-8 იზოლატორის თანამშრომლებს, კერძოდ კი, ვლადიმერ ბედუკაძესთან დაახლოებულ პირებს - ლევან ფხალაძეს და ბორის ფარულავას (მეტსახელად "ბასტის" და "ბუბუს") ციხეში უნდა ეცემათ და ეწამებინათ პატიმრები, ყოველივე ამის ამსახველი კადრები კი, რომელსაც ფარულად ჩაიწერდნენ, საზოგადოებისთვის იმდროინდელი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანების - "ქართული ოცნების" შეკვეთად წარედგინათ.
დავით ჭაკუამ, თავის მხრივ, დაიყოლია ამავე დაწესებულების თანამშრომელი ლევან ფურცხვანიძე, რომელმაც 2012 წლის 18 სექტემბერს, გამთენიისას, მოახერხა ფხალაძისა და ფარულავას დანაშაულზე პროვოცირება, ფარულად გადაიღო მათ მიერ პატიმართა ცემისა და წამების კადრები და საჯაროდ განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, ვლადიმერ ბედუკაძის მეშვეობით, 40 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, შეუკვეთეს ციხეში პატიმრების ცემა და წამება. ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG