Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იარაღით ვაჭრობაზე ახალი ხელშეკრულება მომზადდება


გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მხარი დაუჭირა იარაღით ვაჭრობაზე ახალი ხელშეკრულების მოსამზადებლად კონფერენციის ჩატარების იდეას. ეს იქნება ხელშეკრულებაზე შეთანხმების მიღწევის კიდევ ერთი მცდელობა. საქმე ეხება მრავალ-მილიარდიანი გარიგებების რეგულაციას. გენერალურმა ასამბლეის 133-მა წევრმა დაუჭირა მხარი კონფერენციის ჩატარებას, წინააღმდეგი არავინ ყოფილა, 17-მა თავი შეიკავა. კონფერენცია მომავალი წლის 18-28 მარტს ნიუ იორკში, გაეროს შტაბბინაში ჩატარდება. ხელშეკრულებაზე შეთანხმების მიღწევის პროცესი წარუმატებელი აღმოჩნდა მიმდინარე წლის ივლისში, როცა აშშ-მა, რუსეთმა და ჩინეთმა წინადადებების განხილვისთვის მეტი დრო მოითხოვეს. პროექტის მიხედვით, მომავალი ხელშეკრულება არ გააკონტროლებს ცალკეული ქვეყნის საშინაო პოლიტიკას იარაღზე, არამედ მოითხოვს ქვეყნებისგან რეგულაციების დაცვას იარაღით მოვაჭრეებთან ურთიერთობაში და იარაღის სხვა ქვეყნებისთვის გადაცემისას. ხელშეკრულების ამოცანაა ადამიანის უფლებათა დამრღვევი სახელმწიფოებისა და ტერორისტებისთვის იარაღის მოპოვების საშუალებების შეზღუდვა.
XS
SM
MD
LG