Accessibility links

ირაკლი ალასანია: წინასწარ არ უნდა გავრცელებულიყო ინფორმაცია ავღანეთში პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ


საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიიჩნევს, რომ წინასწარ არ უნდა გავრცელებულიყო ინფორმაცია ავღანეთში პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ. ”თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ წელს უმაღლესი მთავარსარდალი ჯარის გვერდით იყოს, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა ეს საჯაროდ ჯერ არ გამხელილიყო", - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ. მან უარყო, რომ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და განმარტა, რომ სამინისტრო ვიზიტის დაგეგმვაში მონაწილეობდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროებთან ერთად შეხვდება, 25 დეკემბერს გამოქვეყნდა პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე. თავდაცვის მინისტრმა დღეს ჟურნალისტებს აცნობა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ავღანეთში იქნება გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ძნელაძე. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ავღანეთში უკვე ერთი კვირაა იმყოფება შტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ვახტანგ კაპანაძე, რომელიც 19 დეკემბერს გაუჩინარებული ქართველი სამხედროს სამძებრო სამუშაოებში მონაწილეობს.
XS
SM
MD
LG