Accessibility links

ლახდარ ბრაჰიმი სირიაში დროებითი მთავრობის შექმნის მოწოდებით გამოდის


სირიის საკითხზე გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენელი, ლახდარ ბრაჰიმი გამოდის მოწოდებით სირიაში შეიქმნას დროებითი მთავრობა, რომელსაც მიენიჭება„აღმასრულებელი უფლებამოსილება", რათა ქვეყანა მართოს იმ დრომდე, როცა არჩევნების გამართვა გახდება შესაძლებელი. ბრაჰიმი ამ განცხადებით დამასკში გამოვიდა, სირიაში ხუთდღიანი ვიზიტის ბოლოს. მისი თქმით, სირიელ ხალხს მხოლოდ „ნამდვილი ცვლილება“ დააკმაყოფილებს. ბრაჰიმი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს. ხუთშაბათს უფრო ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, ასადის ხელისუფლების დამხობის მოთხოვნა წინააღმდეგობაში მოდის იმ შეთანხმებასთან, რომელსაც ჟენევაში ექვსი თვის წინ მივაღწიეთო. ლუკაშევიჩის განცხადებას მოჰყვა მოსკოვში გამართული შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ფაისალ მაკდადს შორის. შაბათს მოსკოვში ლავროვს ბრაჰიმი შეხვდება. ამასთან, ბრაჰიმი მალე აშშ-ის და რუსეთის ოფიციალურ პირებთან გეგმავს ერთობლივი შეხვედრის გამართვას.
XS
SM
MD
LG