Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა გაშვილების ამკრძალავ კანონს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა სადაოდქცეულ კანონპროექტს, რომელიც რუსი ბავშვების გაშვილებას კრძალავს აშშ-ის მოქალაქეებზე. აღნიშნული კანონპროექტი შემუშავდა აშშ-ის კანონმდებლების მიერ მიღებული „მაგნიტსკის აქტის“ საპასუხოდ. რუსეთის ხელისუფლება უკიდურესად გააღიზიანა საკანონმდებლო აქტმა, რომელიც სავიზო და ქონებრივ აკრძალვებს უწესებს იმ რუს მოხელეებს, რომლებიც რუსი ადვოკატის სერგეი მაგნიტსკის სიკვდილში არიან მხილებულნი. უფლებათადამცველებისა და კოლეგების განცხადებით სერგეი მაგნიტსკი, რომელიც რუსეთში კორუფციას ამხელდა, საპატიმროში სასტიკი მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა. გაშვილების ამკრძალავმა საკანონმდებლო აქტმა გააფუჭა რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობა და აღაშფოთა უფლებათადამცველები, რომლებიც აცხადებენ, რომ კანონის მსხვერპლი უდედმამო რუსი ბავშვები გახდებიან. ე.წ. „ანტიმაგნიტსკის“ შესახებ კანონი ხუთშაბათს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ზედა პალატამა ერთსულოვნად მიიღო, მანამდე დოკუმენტმა მხარდაჭერა ჰპოვა ქვედა პალატის დეპუტატებისგან. პრეზიდენტ პუტინის ხელმოწერის შემდეგ კი გაშვილების ამკრძალავი კანონი 1 იანვრიდან შევა ძალაში.
XS
SM
MD
LG