Accessibility links

logo-print

ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანეთში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცი, რიგითი გიორგი კიკაძე, რომელიც 19 დეკემბრიდან დაკარგულად ითვლებოდა, გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებასთან საუბარში თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაადასტურა. მინისტრმა მიუსამძიმრა და ბოდიში მოუხადა დაღუპულის ოჯახს იმ მოლოდინების გამო, რომელიც შეიქმნა ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ძალების ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომ დაკარგული ჯარისკაცი ცოცხალი იყო. „სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა, დღეს დაახლოებით 16,30 წუთზე აღმოჩენილ იქნა გვამი, რომელიც შემდეგ ამოიცნო ერთ-ერთმა ჩვენმა სამხედრო მოსამსახურემ და იგი აღმოჩნდა გიორგი კიკაძე“,- განაცხადა ირაკლი ალასნიამ რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო საუბარში. თუ რა გახდა ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის მიზეზი, ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო მოგვიანებით, საგამოძიებო ექპერტიზის დასრულების შემდეგ გააკეთებს. გიორგი კიკაძე მეორედ იყო ავღანეთში და 16 იანვარს მას 25 წელი შეუსრულდებოდა. სამი წლის განმავლობაში, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფი სამშვიდობო მისიას ასრულებს ავღანეთში, გიორგი კიკაძე მე-19 დაღუპული ქართველი ჯარისკაცია.
XS
SM
MD
LG