Accessibility links

უცხოელმა და ქართველმა პოლიტიკოსებმა თუ ექსპერტებმა 2012 წელს არაერთხელ უწოდეს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი წელი. გასული წელი შეფასდა როგორც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ხელისუფლების მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვლის პირველი პრეცედენტი. ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველომ ახალი ხელისუფლება აირჩია. “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციურ ძალად იქცა, კოალიცია ”ქართული ოცნება” კი, რომელსაც სათავეში მილიარდერი ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგა, მთავრობაში მოვიდა. 2 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს კი ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური ბრძოლა უსწრებდა წინ.


არჩევნების წინ

წინასაარჩევნოდ ძალთა მობილიზება საკუთარ ამომრჩეველს როგორც ”ნაციონალურმა მოძრაობამ”, ისე ”ქართულმა ოცნებამ” მთელი საქართველოს მასშტაბით უჩვენა. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მთავარი წინასაარჩევნო შეკრება საქართველოს 11 ქალაქში მოაწყო, მათ შორის -დედაქალაქში. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის და თბილისის მერის, გიგი უგულავას მოწოდებებიდან:

მიხეილ სააკაშვილი: „ჩვენ, ხელისუფლება, მე და ყველა დანარჩენი, მუმიებს კი არ გადავაბარებთ ჩვენს ხელისუფლებას, არამედ თქვენ, ჩემო ახალგაზრდა დებო და ძმებო!“

გიგი უგულავა: „ვის აბრუნებენ საქართველოს პოლიტიკაში? უმაქნის, უპასუხისმგებლო და სიძულვილით სავსე ადამიანებს. შეუძლებელია, რომ ქვეყანამ ასე გარისკოს“.

29 სექტემბერს თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ამომრჩეველს ყველა დანაპირების შესრულებას დაპირდა ბიძინა ივანიშვილი.


არჩევნების დღე, 1 ოქტომბერი

პირველი ოქტომბრის არჩევნებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 61 საერთაშორისო და 50 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდებოდა - მათ შორის, ისეთი გავლენიანი ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, როგორიცაა აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR).

ხმის მისაცემად მისული ადამიანები ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობდნენ. ნაწილი თუ ღიად გამოხატავდა საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებს, ნაწილი თავის შეკავებას ამჯობინებდა:

”მაინც იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება და თუ ასე არ მოხდა, ხალხი არ გაჩერდება”.

”დროა რაღაც უკეთესობისკენ იყოს, ასე ცხოვრება აღარ შეიძლება”.
”იმედით მივედი, მაგრამ ძალიან მეშინია, რომ რამე ცუდი არ მოჰყვეს, არეულობა”.

”ბოლო დროს განვითარებული მოვლენების მიუხედავად, ჩემი აზრი და არჩევანი არ შეცვლილა. ყველა ქვეყანაში ხდება დარღვევები. რა თქმა უნდა, ადრეც უნდა მიეხედათ ამისთვის, მაგრამ დღეს მთავარია, რომ გამოასწორეს შეცდომა და დამნაშავეებსაც დასჯიან”.



შედეგები

არჩევნებში ”ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, რასაც განცხადებით მეორე დღესვე გამოეხმაურა პრეზიდენტი სააკაშვილი და საზოგადოებას „ნაციონალური მოძრაობის“ ოპოზიციაში გადასვლა ამცნო:

”ეს ნიშნავს იმას, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ უნდა ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა და მე, როგორც პრეზიდენტი, კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში, ხელს შევუწყობ პროცესს იმისას, რომ პარლამენტმა დაიწყოს მუშაობა და პარლამენტმა შეძლოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა და ასევე ახალი მთავრობის ჩამოყალიბება”.

იმავე დღეს ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტს პოსტის დატოვება ურჩია:

"...გადადგეს და დანიშნოს საპრეზიდენტო არჩევნები. საკონსტიტუციო პრობლემა არსებობს ახლა - კანონმდებლობაში არის რაღაც ორხელისუფლებიანობის მსგავსი... და დღეს რომ კანონიერი თანამშრომლობა მოხდეს პრეზიდენტსა და ახალ პარლამენტს შორის, ძალიან რთულია სიტუაცია... კანონი არის გადახლართული ერთმანეთში და ძალიან რთულია, ძალიან ბევრი შეცდომებია. როგორც კი გადადგება და ახალი პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციით აირჩევა, ყველაფერი ჩადგება ნორმაში”.


დემოკრატიის ჩაბარებული ტესტი

არჩევნების მომდევნო დღეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა ის შეაფასეს როგორც ყველაზე კონკურენტული და სანდო არჩევნები და მას ”დემოკრატიის ჩაბარებული ტესტიც” უწოდეს. 2 ოქტომბერს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის დელეგაციამ (IRI), ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR), ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA), ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE), ევროპარლამენტის (EP) და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის (NATO PA) წარმომადგენლებისგან შემდგარმა ერთობლივმა სადამკვირვებლო მისიამ არჩევნებზე დაკვირვების წინასწარი შეფასებები გამოაქვეყნა. ეუთოს მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის სპეციალურმა კოორდინატორმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ტონინო პიცულამ არჩევნების მეორე დღეს ასე შეაფასა საარჩევნო პროცესი:

”სასიამოვნო იყო იმის ნახვა, თუ რამდენმა ადამიანმა მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ხოლო თავად საარჩევნო სუბიექტებმა როგორ შეარბილეს ტონი გუშინ ღამით. ჩვენ მივესალმებით აშკარა წინასაარჩევნო მცდელობებს მაქსიმალურად დახვეწილიყო საარჩევნო სია, ტრანპარანტული გამხდარიყო პარტიათა წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების პროცესი და ხელმისაწვდომი გამხდარიყო მედია. ამ არჩევნებით საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა კონსოლიდირებული დემოკრატიული არჩევნებისაკენ, თუმცა აღსანიშნავია ცალკეული საკვანძო საკითხებიც. წინასაარჩევნო კამპანია პოლარიზებული და დაძაბული იყო, დაფიქსირდა ძალადობის რამდენიმე შემთხვევა, წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში მეტი ყურადღება ეთმობოდა კანდიდატების თანამდებობრივ უპირატესობას და პირად ფინანსურ აქტივებს, ვიდრე კონკრეტულ პოლიტიკურ პლატფორმებსა და პროგრამებს. მიუხედავად მკვეთრად პოლარიზებული კამპანიისა, რომელიც უხეშ რიტორიკას და ნაკლოვანებებს შეიცავდა, ქართველმა ხალხმა საარჩევნო ყუთთან თავისუფლად გამოხატა თავისი ნება და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო შედეგები ამომრჩეველთა არჩევანს ასახავს”.


გადაბარება

პოლიტიკური ოპონენტების პირველი ემოციების ჩაცხრობის შემდეგ მაინც დაიწყო ხელისუფლების ე.წ. გადაბარების პროცესი და 5 ოქტომბერს სახელმწიფო კანცელარიაში კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მმართველი პარტიის წარმომადგენლების პირველი შეხვედრა გაიმართა. თითქმის ერთსაათიან შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ხელისუფლების დემოკრატიული გადაბარებისკენ გადადგმული პირველი წარმატებული ნაბიჯი უწოდეს. აი, როგორ განცხადებებს აკეთებდნენ მაშინ ირაკლი ალასანია და დავით ბაქრაძე:

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ სტაბილურობა. ყველა პრობლემა გადაწყდება, ყველა პროცესი გაგრძელდება სამართლებრივ ჩარჩოში. ქვეყნის მომავალი პრემიერ-მინისტრი მოემზადება მთავრობის დასაკომპლექტებლად, რომელიც იქნება რაც შეიძლება სწრაფი, ეფექტური და უმტკივნეულო. ამ საკითხებზე პრინციპული შეთანხმება შედგა“.

„ჩვენი პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ ხელი არ შევუშალოთ ამ პროცესს და არც შევუშლით და დავთანხმდებით ნებისმიერ კანდიდატურას, რომელიც იქნება წარმოდგენილი. „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობის ნაწილია ის, რომ წარმოადგინონ ისეთი კანდიდატურები, რომლებიც შეძლებენ ქვეყნისთვის სიკეთის მოტანას და იმედი მაქვს, რომ ისინი ამას გააკეთებენ“.

25 ოქტომბერს კი, ოთხსაათიანი დებატების შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მთავრობა (88 ხმით 54-ის წინააღმდეგ) დაამტკიცა.


რეიტინგები არჩევნებიდან 2 თვეში

საინტერესო სურათი აჩვენა 17 დეკემბერს, არჩევნებიდან ორ თვეში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგების შესახებ. გამოკვლევის ერთ-ერთ კითხვაზე - ”რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?” - რესპონდენტთა პასუხების მიხედვით, კოალიცია ”ქართული ოცნების” რეიტინგი, გასული აგვისტოს გამოკვლევასთან შედარებით, თითქმის ხუთჯერ არის გაზრდილი. კოალიციამ აგვისტოს თვეში მხოლოდ 14 %-ის მოხვეჭა მოახერხა, ნოემბრის შედეგების მიხედვით კი, მის მიმართ დადებითად განწყობილი რესპონდენტების რაოდენობა 63 %-ს აღწევს. საპარლამენტო არჩევნებამდე ჩატარებულ გამოკვლევასთან შედარებით, მკვეთრად არის დაცემული „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი - ის მხოლოდ 10 პროცენტს შეადგენს, მაშინ როცა, პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ჩატარებული ანალოგიური გამოკვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი ოთხჯერ მეტი იყო.


კოჰაბიტაცია

არჩევნების დასრულებისა და ხელისუფლების შეცვლის შემდეგ როგორც საქართველოს ახალი მთავრობის, ისე პრეზიდენტის და ოპოზიციის მისამართით დასავლეთიდან კოჰაბიტაციისაკენ, ანუ მშვიდობიანი თანაარსებობისაკენ, პირველი მოწოდებები გაისმა. პირველად ეს სიტყვა ნატოს პრაღის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში გაჩნდა. ხელისუფლების გადაბარების შემდეგ ეს სიტყვა საქართველოშიც ბევრჯერ გამოიყენეს.

18 დეკემბერს საერთაშორისო კრიზისების ჯგუფმა 21 გვერდიანი დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში კოჰაბიტაციის, ანუ თანაარსებობის, პერიოდსა და მასთან დაკავშირებულ პროცესებს მოიცავს. მისი ავტორების თქმით, წერის პროცესი სწორედ იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც საქართველოში მაღალჩინოსანთა დაკავებების ტალღა დაიწყო, რასაც მოჰყვა უცხოელი მაღალჩინოსნებისა და, ზოგადად, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მოწოდებები შერჩევითი სამართლის გამორიცხვისა და გამოძიების გამჭვირვალედ წარმართვის თაობაზე. მედეა ტურაშვილი, საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის ერთ-ერთი მკვლევარი, ამბობს, რომ კოჰაბიტაცია საქართველოსთვის უცხო ხილია:

”იმისათვის, რომ ახალმა ხელისუფლებამ თავიდან აიცილოს ის კრიტიკა, რომელიც დაკავებების თაობაზე ერთი თვეა უკვე გვესმის, მან უნდა დაიცვას სასამართლო ხელისუფლება და პროკურატურა პოლიტიკური ჩარევისაგან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაკავებები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, აღქმული იყოს ისე, რომ ეს პროცესი არ არღვევს იურიდიულ პროცედურებს. ამისათვის კი თავისთავად საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო”.

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი გოგი ხუციშვილი საერთაშორისო კრიზისების ჯგუფის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში განსაკუთრებით გამოყოფს რეკომენდაციას, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრების გააქტიურებასა და მათ გაშუქებას გულისხმობს, თუმცა მას ეჭვი ეპარება, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები მომავალი 10 თვის განმავლობაში ინტენსიურად გაიმართოს:

”არც ერთი მხარე არ არის დაინტერესებული იმით, რომ, ვთქვათ, გამოაჩინოს ამ შემთხვევაში თანამშრომლობა, როგორც ფაქტი, რადგან სინამდვილეში, თანამშრომლობა არ ხდება. გასაგებია ეს შემოთავაზება და ძალიან კარგია, რომ ეს შემოგვთავაზეს, მაგრამ ამის განხორციელება ძალიან საეჭვოდ მეჩვენება”.

წლის მიწურულს აშკარა გახდა, რომ, მოწოდებების მიუხედავად, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ამის დასტური იყო 20 დეკემბერს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოწოდება დაუმორჩილებლობისკენ:

”მე მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს არ დაემორჩილონ უკანონო ბრძანებას შევარდნაძის დროს გაგდებული კორუმპირებული ჩინოვნიკებისას. იგივე პროკურატურას... დააბრუნეს ქრთამისთვის გაგდებული ჩინოვნიკები”.

ამ მოწოდების შემდეგ, 24 დეკემბერს, ოპოზიციას კონსტრუქციულობა დაუწუნა, თავის მხრივ, პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც:

”კოჰაბიტაცია ვერ იქნება ხელოვნური და არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ ჩვენ კრიმინალებთან უნდა დავამყაროთ ურთიერთობა. სამართლიანობის აღდგენის რეჟიმს ვერც ერთ შემთხვევაში ვერ შეაჩერებს ოპოზიციის ისტერიკული გამონათქვამები. მათ ვერ მოახერხეს კონსტრუქციულ რეჟიმში მუშაობა”.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG