Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია 18 ელჩის გამოწვევის შესახებ


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია 18 ელჩის გამოწვევის შესახებ. მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოიწვია 5 ელჩი, რომლებსაც როტაციის ვადა ამოეწურათ და, შესაბამისად, ამ ფაქტს პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. კერძოდ, გამოწვეულნი არიან საქართველოს ელჩები ეუთოში, ავსტრიაში, უნგრეთში, ჩეხეთსა და ლატვიაში. ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ გამოწვეული ელჩებიდან ზოგიერთს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია მუშაობა განაგრძოს სამინისტროში ან რომელიმე სხვა ქვეყნის საელჩოში. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებითვე, გაეროში, აშშ-სა და იტალიაში საქართველოს ელჩები თავად გადადგნენ და განაცხადეს, რომ ახალ მთავრობასთან თანამშრომლობას არ აპირებენ, თუმცა მათგან ოფიციალურად გამოწვეული არ არის გაეროში საქართველოს ელჩი, რომელსაც როტაციის ვადა 25 თებერვალს ამოეწურება. მაია ფანჯიკიძის თქმით, გადადგომის განცხადების მიუხედავად გამოწვეული არ არის არც უკრაინაში საქართველოს ელჩი, რომელსაც როტაციის ვადა იანვარში ეწურება. მინისტრის თქმით, გარდა ამისა, არსებობს სია 10-მდე ელჩისა, რომელთა შეცვლას საგარეო საქმეთა სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს. მაია ფანჯიკიძემ ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ ეს დიპლომატები ძირითადად ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ინტერესებს ემსახურებოდნენ. მინისტრმა დაადასტურა, რომ ამ სიაშია ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი, რომელსაც მაია ფანჯიკიძის განცხადებით, როტაციის ვადა ისედაც ამოწურული აქვს.
XS
SM
MD
LG