Accessibility links

logo-print

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს დიოსდადო კაბელო


ვენესუელის კანონმდებლებმა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარედ ხელახლა აირჩიეს დიოსდადო კაბელო მაშინ, როცა პრეზიდენტ უგო ჩავესის ჯანმრთელობის მდგომარეობა ეჭვებს ბადებს, შეძლებს თუ არა ის საკუთარ ინაუგურაციაში მონაწილეობას. მართალია, ასამბლეას ჩავესი აკონტროლებს, მაგრამ კაბელო ჩავესის მიერ შერჩეული მემკვიდრის, ვიცე-პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მეტოქედ მიიჩნევა. მადუროს თქმით, უგო ჩავესს შეუძლია გააგრძელოს პრეზიდენტობა იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ის 10 იანვარს ვერ შეძლებს საინაუგურაციო ცერემონიაში მონაწილეობას ავადმყოფობის გამო. ჩავესი კიბოთია ავად და მას კუბაში გაუკეთეს ოპერაცია. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, კონსტიტუცია პრეზიდენტს უფლებას აძლევს, ავადმყოფობის დროს დარჩეს თანამდებობაზე და უზენაესი სასამართლოს წინაშე მოგვიანებით დადოს ფიცი ახალი ექვსწლიანი ვადით. ოპოზიციის ლიდერები ახალი არჩევნების ჩატარების მოწოდებით გამოდიან. ვენესუელის კონსტიტუციის მიხედვით, თუკი ახალი არჩევნები გამოცხადდება, ქვეყანას ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე უნდა ჩაუდგეს სათავეში. მას შემდეგ, რაც ჩავესმა ოპერაცია გაიკეთა 11 დეკემბერს, ის საჯაროდ არ გამოჩენილა. ვენესუელის მთავრობამ ხუთშაბათს გამოცხადა, რომ 58 წლის ჩავესს სასუნთქი ორგანოების „მწვავე“ ინფექცია აქვს.
XS
SM
MD
LG