Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ადეიშვილის დაცვა გაასაჩივრებს მისთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდებას


იუსტიციის ყოფილი მინისტრის ზურაბ ადეიშვილისთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების გადაწყვეტილებას მისი დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 5 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ადეიშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა და საქართველოს მოქალაქისა და დიპლომატიური პასპორტების მოქმედება შეუჩერა. იუსტიციის ყოფილი მინისტრი პროკურატურამ ბრალდებულად ცნო 2012 წლის 28 დეკემბრის დადგენილებით. ამ დოკუმენტის თანახმად, ზურაბ ადეიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მისი ორგანიზება, რამაც გამოიწვია ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების და საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით. იუსტიციის ყოფილ მინისტრს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების გაყალბებაც და დანაშაულის პროვოცირების ორგანიზება. ადეიშვილის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე უკავშირდება პატიმრებისადმი დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას, რომლის ამსახველი ვიდეომასალა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე გავრცელდა.
XS
SM
MD
LG