Accessibility links

logo-print

ჟერარ დეპარდიე არ გამოცხადდა პარიზის სასამართლოში


ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე არ გამოცხადდა პარიზის სასამართლოში, სადაც დაბარებული იყო საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის ბრალდების წასაყენებლად. დეპარდიეს ადვოკატის განმარტებით, მისი კლიენტი „უცხოეთშია, პროფესიული საქმიანობის გამო“. ბრალდება უკავშირდება პარიზში ნოემბერში მომხდარ ინციდენტს, როცა დეპარდიე სკუტერიდან ჩამოვარდა და დაუდგინდა მიღებული ალკოჰოლის, საფრანგეთში დაშვებულზე, სამჯერ უფრო მაღალი მაჩვენებელი. ამ საქმის ფონია ჟერარ დეპარდიესთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება მას შემდეგ, რაც მსახიობმა მკაცრად გააკრიტიკა საფრანგეთის ხელისუფლების გეგმა, 75%-მდე გაზარდოს საშემოსავლო გადასახადი პირებისათვის, ვისი შემოსავალიც წელიწადში მილიონ ევროს აღემატება. გასული კვირის მიწურულს დეპარდიე რუსეთში იმყოფებოდა, სადაც მას პირადად პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გადასცა რუსეთის პასპორტი. ორშაბათს დეპარდიე შვეიცარიას ეწვია ფეხბურთელების დაჯილდოვების ცერემონიაზე დასასწრებად.
XS
SM
MD
LG