Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სეთურიძე: "არაბულმა კომპანიამ თბილისში სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა 2010 წელს, და არა ახლა"


საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის გიორგი სეთურიძის განცხადებით, არაბულმა „დაბი ჯგუფმა“ თბილისის ცენტრში სასტუმროს მშენებლობა შეაჩერა 2010 წელს, და არა ახლა, როგორც ამას საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებს. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 7 იანვარს განაცხადა, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ შეაჩერა თბილისის ცენტრში 40-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის პროექტის განხორციელება, რომელსაც 20 ათასი ადამიანი უნდა დაესაქმებინა. სეთურიძე აღნიშნავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება პრეზიდენტის ნათქვამი, თითქოს ინვესტორმა პროექტის განხორციელება ახალი მთავრობის პოლიტიკის გამო შეაჩერა. სეთურიძის განმარტებით, პროექტის დაფინანსება და განხორციელება შეწყდა 2010 წლის გაზაფხულზე „დაბი ჯგუფის“ ერთ-ერთი მენეჯერისა და საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების კორუფციული გარიგების გამო და ამ საქმეზე ამჟამად მთავარი პროკურატურა იძიებს. საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით, პრეზიდენტის განცხადების მიზანია ახალი მთავრობის მიმართ პოტენციური ინვესტორების უარყოფითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რაც სეთურიძის თქმით, აზარალებს არა რომელიმე მხარეს, არამედ ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს.
XS
SM
MD
LG