Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
რეგიონული მაცნე

ახალქალაქისა და ახალციხის უნივერსიტეტები გაერთიანდა


ახალციხე
ახალციხე
სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის პირველი ეტაპი დასრულდა. რეორგანიზაციის საფუძველზე გაერთიანდა ორი უნივერსიტეტი – ახალციხისა და ახალქალაქის. სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის სრული პროფესორი და ახლა უკვე უნივერსიტეტის ხელმძღვანელი მერაბ ბერიძე უნივერსიტეტების გაერთიანებას ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შეცდომად მიიჩნევდა. დღეს იგი უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. მისივე თქმით, სასწავლებელში რეორგანიზაციის გამო შექმნილი პრობლემებიც მოგვარდა, დამტკიცდა წესდება და მიმდინარეობს ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაზე მუშაობა.

საქართველოს მთავრობის #416 დადგენილება, რომელიც ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ახალქალაქის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება-კოლეჯის გაერთიანებას ისახავს მიზნად, შესაძლოა გაუქმდეს. ორი საგანმანათლებლო დაწესებულების კვლავ დამოუკიდებლად ფუნქციონირების შესახებ საკითხი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა თინა გელაშვილმა დასვა. რეგიონში მოქმედი ორი უმაღლესი სასწავლებლის გაერთიანებას 3 ოქტომბერს ქვეყნის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მოაწერა ხელი. ბრძანების მიხედვით, გაერთიანებული უმაღლესი სასწავლებლის რექტორი თინა გელაშვილი უნდა ყოფილიყო, თუმცა თავად თინა გელაშვილი მაშინვე ფიქრობდა, რომ უნივერსიტეტებს ახალციხეშიც და ახალქალაქშიც ცალ-ცალკე უნდა ეარსება.

ახალციხის უნივერსიტეტისა და ახალქალაქის კოლეჯის გაერთიანებით უნივერსიტეტმა სექტემბერში მიღებული აკრედიტაცია დაკარგა. ამას სასწავლებლის ადმინისტრაციაში ავტორიზაციის დებულებით ხსნიან, რომლის მიხედვითაც, ორი დაწესებულების გაერთიანების შემთხვევაში, ახალი სუბიექტი ავტორიზებული იქნება მათგან უმცირესის ვადით. შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს აკრედიტაცია 3 იანვრამდე გაუგრძელდება. უნივერსიტეტის ახალი ხელმძღვანელის განმარტებით, უნივერსიტეტში პროფესურა შესაბამისია, ამ ეტაპზე აკრედიტაციის ხელახალი ავტორიზაცია ხდება. ეს ფაქტი რეორგანიზაციამ განაპირობა და მას ფორმალური ხასიათი აქვს, – აცხადებს მერაბ ბერიძე. ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელების აზრს იზიარებენ პროფესორ-მასწავლებლებიც.

,,დამოუკიდებლად არსებობის პირობებში ბევრად მეტის მიღწევა შეიძლება“, – აცხადებს უნივერსიტეტის ლექტორი მაკა კაჭკაჭიშვილი. მერაბ ბერიძე 11 დეკემბრიდან, შვიდწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ სასწავლებლის ხელმძღვანელია. სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული 1990 წელს ახალციხეში თსუ მესხეთის ფილიალის, ხოლო 2002 წელს ახალქალაქში ჯავახეთის ფილიალის დაარსება. ორივე სასწავლებელს იგი 2005 წლამდე ხელმძღვანელობდა. მერაბ ბერიძე დღეს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა, თუმცა ფიქრობს, რომ მისი პრიორიტეტი გაერთიანების განცალკევება და ორივე უნივერსიტეტისთვის თანაბარი სტატუსის მინიჭება იქნება.
XS
SM
MD
LG