Accessibility links

logo-print
მთელი განვლილი კვირის განმავლობაში უცხოეთის პრესაში ყველაზე აქტიურად განიხილებოდა პრობლემა, რომლის სიმწვავეც ცხადყო ინდოეთში მომხდარმა ტრაგიკულმა ამბავმა: გასულ შაბათს გარდაიცვალა 23 წლის ქალი, რომელიც 16 დეკემბერს ჯგუფურად გააუპატიურეს და სასტიკად სცემეს დელიში, ავტობუსში. ბრიტანეთის ავტორიტეტიან გამოცემა „ეკონომისტში“ ვკითხულობთ:

„გაუპატიურებებსა და მათთან დაკავშირებული სიკვდილის შემთხვევებზე (ხშირად თვითმკვლელობის შედეგად), რეგულარულად წერენ ინდოეთის პრესაში, თუმცა გაცილებით მეტი თავდასხმა უცნობი რჩება საზოგადოებისა თუ პოლიციისათვის. დელის აქვს დამსახურებულად ცუდი რეპუტაცია, როგორც სახიფათო ქალაქს, განსაკუთრებით ღარიბი და დაბალი კასტების წარმომადგენელი ქალებისათვის. სოფლებში სქესობრივი ძალადობის გამო, გოგონები და ქალები დაღამებულზე შინ დარჩენას ამჯობინებენ. გაუპატიურებისათვის სამართლებრივი დევნის მაჩვენებლები შემაშფოთებლად დაბალია, დამნაშავედ ცნობისა - კიდევ უფრო დაბალი, როგორც ბევრ ქვეყანაში“.

„ეკონომისტში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი გამოთქვამს იმედს, რომ ახალგაზრდა ქალის სასტიკი მკვლელობით გამოწვეული მასობრივი საპროტესტო აქციები ინდოეთის მთავრობას აიძულებს, უკეთ იზრუნოს ქალების უსაფრთხოებაზე. ამავე თემაზე წერს შვეიცარიის ყოველდღიური “ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“.

„ბოლო კვირებმა ცხადყო, რომ ინდოელები აღშფოთებული არიან სამართლებრივი განუკითხაობით და მთავრობას აკისრებენ ამაზე პასუხისმგებლობას. ... მხოლოდ მაშინ, თუ პოლიციელები და მოსამართლეები როგორც დამნაშავეებს არ მოეპყრობიან გაუპატიურების მსხვერპლთ და თუ ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მხოლოდ ცალკეულ გახმაურებულ შემთხვევაში არ დაისჯება, შეძლებს ინდოეთი შეამციროს გაუპატიურების - სწრაფად განვითარებადი, ეკონომიკურად ძლიერი ქვეყნისათვის სამარცხვინო -მაჩვენებელი“, ვკითხულობთ „ნოიე ციურხერ ცაიტუნგში“.

ბოლო დღეებში ფართო გამოხმაურება მოჰყვა ერთ კინოვარსკვლავთან დაკავშირებულ ცნობებსაც. ფრანგ მსახიობ ჟერარ დეპარდიეს ბევრი როლი აქვს შესრულებული, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობა შეძლო გადაწყვეტილებით, საფრანგეთის პრეზიდენტზე გაჯავრებულს, რუსეთისთვის ეთხოვა მოქალაქეობა. როგორც ცნობილია, დეპარდიეს უკმაყოფილებას იწვევს პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდის გეგმა, 75 პროცენტამდე გაზარდოს საშემოსავლო გადასახადი პირებისთვის, ვისი წლიური შემოსავალიც მილიარდ ევროს აღემატება.

„ეს 75 პროცენტიანი მდიდრების გადასახადი არის ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური ფიასკო, რომელზეც არ უნდა ვიცინოდეთ. ერთი ჩინური ანდაზაა: ვინც მდიდრებს დიეტაზე დასვამს, ღარიბებს შიმშილით დახოცავსო. პუტინის უპატივცემულო გამოწვევა არ არის პირველი შეურაცხყოფა საფრანგეთისათვის. ეს საშემოსავლო გადასახადი არც ანგელა მერკელს მოსწონს, მაგრამ ის კვლავაც თავაზიანად იქცევა. დევიდ კამერონი კი წითელ ხალიჩას უშლის ყველა ფრანგს, ვისაც ლა მანშის სრუტის გადალახვა სურს. საკმარისია! პრეზიდენტმა ოლანდმა უკან უნდა დაიხიოს, ვიდრე მთელი მსოფლიოს დასაცინი გავმხდარვართ“, წერს პარიზის ყოველდღიური „ფიგარო“.
გერმანიის წამყვანი კონსერვატიული გამოცემა „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ კი ყურადღებას ამახვილებს რუსეთისადმი დეპარდიეს დამოკიდებულებაზე:

„ობელიკსით დაწყებული და სირანო ბერჟერაკით დამთავრებული, მრავალფეროვანი როლების შემსრულებელ მსახიობს ბევრჯერ გამოუხატავს რუსეთის მიმართ სიმპათია. ის, მაგალითად, მონაწილეობდა რუსულ სარეკლამო რგოლებში და იყო ჟიურის წევრი მოსკოვის კინოფესტივალზე... დეპარდიეს თავი აქვს გამოჩენილი რუსეთის მეზობლადაც. ოქტომბერში ის დაბადების დღეზე ესტუმრა ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვს და იქ შეკრებილ ხალხს შესძახა: „დიდება გროზნოს, დიდება ჩეჩნეთს, დიდება კადიროვსო“. დეკემბრის დასაწყისში დეპარდიემ უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილთან, გულნარა ქარიმოვასთან ერთად, დუეტში ჩაწერა სიმღერა, რომლის შექმნაშიც, როგორც იუწყებიან, პრეზიდენტი ქარიმოვი მონაწილეობდა“, წერს „ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი“ საეჭვო პოლიტიკური რეპუტაციის ლიდერებთან ფრანგი ვარსკვლავის ურთიერთობაზე.

უცხოეთის პრესის მიმოხილვის ბოლოს გაგაცნობთ პუბლიკაციებს ჩვენს რადიოზე, სადაც ბოლოხანს მოხდა რამდენიმე საორგანიზაციო ცვლილება: გადადგა პრეზიდენტი სტივენ კორნი, მანამდე კი ახალი ხელმძღვანელი დაინიშნა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურში. სწორედ ამ ახალ ხელმძღვანელს, მაშა გესენს ეძღვნება ჟურნალ „ფორბსში“ დაბეჭდილი სტატია. მაშა გესენს მასში „გმირ ჟურნალისტად“ მოიხსენიებენ.

„შეგიძლია თქვა, რომ გესენი ცუდი რედაქტორია, უხეირო მენეჯერი ან ადამიანი, რომელიც არასოდეს უნდა დანიშნულიყო მმართველ თანამდებობაზე რადიო თავისუფლებაში. არ ვიცი, ეს მართლაც ასეა თუ არა, მაგრამ იოლად დავიჯერებდი, თუ შესაბამის ფაქტებს გავეცნობოდი. წარსულში მსმენია, რომ გესენთან მუშაობა შესაძლოა ძნელი იყოს უკომპრომისო პოზიციებისადმი მისი მიდრეკილების გამო და არ გამიკვირდებოდა, თუ ის გულზე დიდად არ ეხატებათ რადიო თავისუფლების ჟურნალისტებს. მაგრამ აბსურდია და თან საოცარი უგემოვნობა, რუსეთში პოლიტიკური ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე გაბედული, შეუპოვარი ხმა წარმოსახო უგულო აპარატჩიკად, კრემლის თანამოაზრედ პრესის თავისუფლების შეზღუდვის კამპანიაში“, ვკითხულობთ „ფორბსში“ დაბეჭდილ სტატიაში, რომლის ავტორიცაა მარკ ადომანისი.

მაშა გესენის მიმართ კრიტიკა, რომელსაც ადომანისი ახსენებს, უკავშირდება რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურში ჩატარებულ რეფორმას. მიზანია, თანამედროვე ტექნოლოგიებს მოერგოს მაუწყებლობა, რომელმაც სახელი გაითქვა ცივი ომის წლებში. როგორც „ვაშინგტონ პოსტში“ 3 იანვარს დაბეჭდილ სტატიაშია აღნიშნული, რეფორმის ფარგლებში რუსული სამსახურიდან დაითხოვეს 37 ჟურნალისტი და შედეგია ის, რომ „სვობოდას“ ბევრი ერთგული მსმენელი უკმაყოფილო დარჩა. „ვაშინგტონ პოსტში“ დაბეჭდილი სტატიის ავტორი ასახელებს ცვლილებების რამდენიმე ავტორიტეტიან ოპონენტს, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტს მიხაილ გორბაჩოვს, სახელოვან უფლებადამცველებს ლიუდმილა ალექსეევას და სერგეი კოვალიოვს. სტატიაში ნათქვამია ისიც, რომ რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურში ცვლილებების გამო უთანხმოების ფონზე, ახალი წლის ღამეს გავრცელდა ცნობა, რომ თანამდებობიდან გადადგა რადიო თავისუფალი ევროპა-რადიო თავისუფლების პრეზიდენტი სტივენ კორნი.

„სტივენ კორნმა და რადიოს ვიცე-პრეზიდენტმა ჯულია რაგონამ რედაქტორად აიყვანეს მაშა გესენი - ჟურნალისტი, რომელმაც გასულ წელს გამოაქვეყნა პუტინის მიმართ კრიტიკული წიგნი. მაგრამ მწვავე დაპირისპირებამ იფეთქა, როცა კორნისა და რაგონას მიერ დათხოვნილმა ჟურნალისტებმა შექმნეს ალტერნატიული ვებსაიტი, ცვლილებების გასაკრიტიკებლად... ორმა რუსმა დისიდენტმა ლიუდმილა ალექსეევამ და სერგეი კოვალიოვმა შეერთებული შტატების კონგრესს მიმართეს გამოძიების მოთხოვნით. ალექსეევას თქმით, რადიო თავისუფლების მენეჯმენტმა შეერთებული შტატების იმიჯს რუსეთში მეტი ზიანი მიაყენა, ვიდრე ამას ოდესმე შეძლებდა კაგებე“, ვკითხულობთ სტივენ კორნისა და მისი მოადგილის შესახებ „ვაშინგტონ პოსტში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.
XS
SM
MD
LG