Accessibility links

logo-print

ამნისტიის კანონი 12 იანვარს შევა ძალაში


ამნისტიის კანონი ძალაში 12 იანვარს შევა, საპყრობილეებს კი პირველ ყოვლისა, პოლიტპატიმრები დატოვებენ, - ამის შესახებ თბილისში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს სასჯელაღსრულების და იუსტიციის მინისტრებმა სოზარ სუბარმა და თეა წულუკიანმა და ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. კერძოდ, ბესელიას განმარტებით, თუ პრეზიდენტი 11 იანვრის ჩათვლით ხელს არ მოაწერს ვეტოდაძლეულ კანონს, მას 12 იანვარს მოაწერს ხელს პარლამენტის თავმჯდომარე და კანონის აღსრულება დაიწყება. სოზარ სუბარის განცხადებით, 13 იანვარს სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებს პარლამენტის მიერ პოლიტპატიმრებად აღიარებული 190-ვე ადამიანი. რაც შეეხება სხვა მსჯავრდებულებს, რომლებსაც ამნისტია შეეხო, სუბარის თქმით, პარლამენტმა სასჯელაღსრულების სამინისტროს სასამართლოსთვის შესაბამისი საქმეების გასაგზავნად ორკვირიანი ვადა მისცა, თუმცა ეს პროცესი 12 იანვრიდანვე დაიწყება. პოლიტიკური დევნილის სტატუსის მქონე 25 პირის საქმეში მთავარი პროკურატურა ჩაერთვება. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, 14 იანვრიდან პროკურატურა მიმართავს სასამართლოებს შუამდგომლობით, როგორც აღმკვეთი ღონისძიების გაუქმების, ისე სხვა ტიპის ზომების მიღების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG