Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე: მთავარია, ხალხი ენდობოდეს სასამართლოს


საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, კოტე კუბლაშვილმა „პოლიტიკური გამოხდომა“ უწოდა სასამართლოსადმი უნდობლობის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებებს. "ასეთი გამოხდომებით ვერავინ ვერაფერს მიაღწევენ და მათ ოცნებებს ახდენა არ უწერია” - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს კოტე კუბლაშვილმა. მისივე თქმით, მთავარია სასამართლოს ენდობოდეს ხალხი და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი. კოტე კუბლაშვილმა მთავრობის წარმომადგენლებს ურჩია, რომ, თუ სასამართლოში სასურველი შედეგის მიღწევა სურთ, პროკურატურა კვალიფიციური კადრებით დააკომპლექტონ და კარგად დასაბუთებული პოზიციები მიიტანონ სასამართლოში, სადაც ყველა საქმეზე მოქმედებს შეჯიბრებითობის პრინციპი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის რჩევის კომენტირებისას იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კოტე კუბლაშვილს შეუძლია ეს ზურაბ ადეიშვილს ბუდაპეშტში შეუთვალოს. წულუკიანის თქმით, სასამართლო რეფორმის შედეგად თავად კუბლაშვილი ვეღარ იქნება ყველა რგოლის მაკონტროლებელი.
XS
SM
MD
LG