Accessibility links

logo-print

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად თენგიზ გუნავა დაინიშნა


საქართველოს პრეზიდენტმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად დანიშნა შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა. ზუგდიდის საკრებულოს წევრებთან დღევანდელი შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თენგიზ გუნავა არის ადამიანი, რომლის დროსაც სამეგრელოში კრიმინალთან ბრძოლის საქმეში სრული წესრიგი დამყარდა და მას ასევე იცნობს, როგორც 2008 წლის ომის ერთ-ერთ მთავარ გმირს. პრეზიდენტის თქმით, ყველასთვის ცნობილია, რა პრობლემები შეექმნა თენგიზ გუნავას ახალი ხელისუფლების პირობებში. "იმ ქვეყანაში, სადაც მთავრობა უშვებს რუსეთის ჯაშუშებს, როგორც პოლიტიკურ პატიმრებს და გმირებს, რა თქმა უნდა, ნამდვილ სამხედრო გმირს აქვს პრობლემები, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ქედი უნდა მოვიხაროთ და ამას შევეგუოთ ” - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისივე თქმით, გუბერნატორმა უნდა ითანამშრომლოს ყველა ადგილობრივ და ცენტრალურ ორგანოსთან, რადგან მისი ფუნქცია არ არის კონფრონტაცია. გუნავა შარშან, ნოემბერში იქნა დაკავებული იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის და ნარკოტიკების მოხმარების ბრალდებით, რის შემდეგაც მას აღმკვეთი ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და პატიმრობიდან გათავისუფლდა. თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ უდანაშაულოა.
XS
SM
MD
LG