Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა გაშვილების ამკრძალავი კანონი


მოსკოვში ათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა სანქცირებულ აქციაში, რომელზეც გააპროტესტეს რუსი ბავშვების ამერიკელ მოქალაქეებზე გაშვილების ამკრძალავი კანონი. პოლიციის ცნობით, საპროტესტო სვლაში მონაწილეობდა 9500-მდე პირი, მაგრამ ოპოზიცია აქციის 30 000-ზე მეტ მონაწილეზე საუბრობს. რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტთან საუბარში, ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ასე განმარტა აქციაში მონაწილეობის მიზეზი: „აზრი ის არის, რომ ყველამ იცოდეს, რომ ცოცხლები ვართ, რომ არაფერი გამორჩება ჩვენს თვალსა და ყურს, რომ ყველა უსინდისობა, რასაც სჩადის ხალხი, ვისაც კანონების შექმნა ევალება, ჰპოვებს მოსკოველების სავსებით ადეკვატურ რეაქციას. აი, ისინი აქ არიან!“ მოსკოვში აქციაზე მიტანილი ჰქონდათ პლაკატები რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დაშლის მოთხოვნით. 4000-მდე პოლიციელს ევალებოდა წესრიგზე ზრუნვა. შედარებით მომცრო საპროტესტო აქციები ჩატარდა რუსეთის რამდენიმე სხვა ქალაქში, მათ შორის სანქტ პეტერბურგში, ყაზანსა და ეკატერინბურგში. რუსეთის პარლამენტმა ამერიკელებზე რუსი ბავშვების გაშვილების ამკრძალავი კანონის მიღებით უპასუხა შეერთებულ შტატებში დამტკიცებულ კანონს, რომელიც ითვალისწინებს სანქციებს ადამიანის უფლებების დარღვევაში ბრალდებული რუსი ოფიციალური პირების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG