Accessibility links

logo-print

მაია ფანჯიკიძე: საპარლამენტო უმცირესობა ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას ცდილობს


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის შესახებ მისი სიტყვებით გამოწვეულ აზრთა სხვადასხვაობას ორი მიზეზი აქვს - საქართველოს მედია არ გადასცემს გადამოწმებულ ინფორმაციას, და საპარლამეტო უმცირესობა ცდილობს თავისი ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას, მიუხედავად იმისა, ამით ილახება თუ არა ქვეყნის ინტერესები. ფანჯიკიძემ ეს განმარტება რადიო თავისუფლების პრაღის ოფისში სტუმრობისას ჩაწერილი ინტერვიუს დროს გააკეთა. მისი თქმით, ლიტვაში მისი გამოსვლის ვიდეო არსებობს და გადამოწმება ადვილია - მან ჯერ პასუხი გასცა აზერბაიჯანის ელჩის შეკითხვას და განაცხადა, რომ საქართველო აღიარებს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, შემდეგ კი სომხეთის ელჩის შეკითხვას უპასუხა და თქვა, რომ ყველა კონფლიქტი უნიკალურია და მათი გადაჭრის ერთიანი რეცეპტი არ არსებობს. დღეს უფრო ადრე ნაციონალურმა მოძრაობამ ფანჯიკიძის თანამდებობიდან განთავისუფლება მოითხოვა და ის 18-ი იანვრისთვის დანიშნულ სხდომაზე დაიბარა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აზერბაიჯანის მედიით გავრცელებული ცნობა, რომლის თანახმად, გასულ კვირაში ლიტვაში ვიზიტისას, ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით არის შესაძლებელი. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრი სოჭის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობასაც შეეხო და არასწორი უწოდა სპორტის და პოლიტიკის დაკავშირებას. მისი თქმით, თამაშების ბოიკოტი ბევრს არაფერს მოიტანდა და საქართველოსთვის უფრო სასარგებლო იქნება მონაწილეობის მიღება ამ მნიშვნელოვან საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებაში.
XS
SM
MD
LG