Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი: სომხეთთან ურთიერთობა „იდეალური, სანიმუშო“ უნდა გახდეს


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში საქართველოს „ორივე მხარის ესმის“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა ერევანში, რადიო თავისუფლების სომხურ სამსახურთან საუბრისას, „მოხდა უბედურება“ და ახლა უნდა გაკეთდეს ყველაფერი, კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად, ხოლო საქართველოს მართებს სიფრთხილის გამოჩენა განცხადებების გაკეთებისას, რათა ხელი კი არ შეუშალოს, არამედ ხელი შეუწყოს კონფლიქტის მოგვარების პროცესს. ჟურნალისტის შეკითხვას, როგორც აფასებს სომხეთთან საქართველოს ამჟამინდელ ურთიერთობას, ივანიშვილმა უპასუხა: „სომხეთ-საქართველოს ურთიერთობა სადღეისოდ, ვფიქრობ, ნორმალურად ან, შესაძლოა, კარგადაც შეიძლება ჩაითვალოს. თქვენს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან ვისაუბრეთ მომავალზე. განსაკუთრებით პრეზიდენტთან, სუფრასთან მსხდომები, შევთანხმდით, რომ ჩვენი ურთიერთობა ისეთი უნდა გახდეს, როგორიც ეკადრება ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას - ანუ იდეალური, სანიმუშო. აი, ეს არის ჩვენი და პირადად ჩემი მიზანი.“ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხუთშაბათს ერევანში ვიზიტისას შეხვდა სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს და პრემიერ-მინისტრ ტიგრან სარქისიანს. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, პირისპირი შეხვედრებისას განიხილებოდა ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივა. ერევანში გაიმართა სამთავრობო დელეგაციების შეხვედრაც. მისი დასრულების შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საბაჟო პუნქტების შესახებ და კულტურის სამინისტროების თანამშრომლობის ორწლიან პროგრამას.
XS
SM
MD
LG