Accessibility links

logo-print

ვაშინგტონი უკიდურესად შეშფოთებულია ალჟირში მძევალთა დაღუპვის გამო


აშშ უკიდურესად შეშფოთებულია ალჟირში მძევალთა დაღუპვის გამო, რაც მოჰყვა მათი გათავისუფლების მიზნით განხორციელებულ სამხედრო ოპერაციას. თეთრი სახლის პრესმდივნის ჯეი კარნის განცხადებით, მას ჯერ არ მოეპოვება ოფიციალური ცნობა დაღუპულთა რაოდენობის ან ვინაობის შესახებ. „ამჟამად ჩვენი მთავარი ამოცანაა დავადგინოთ, რა ბედი ეწიათ ამ ვითარებაში მოხვედრილ ამერიკელებს და ზუსტად გავიგოთ, რა და როგორ მოხდა. სიტუაცია სწრაფად იცვლება. ჩვენ მოველით, რომ ალჟირის მთავრობისგან ახსნა-განმარტებას მივიღებთ“, აღნიშნა კარნიმ. როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის დევიდ კამერონის წარმომადგენელმა განაცხადა, ბრიტანეთისთვის არავის უცნობებია, რომ ალჟირი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას აპირებდა. საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის თქმით, ალჟირში მომხდარი ნათლად ადასტურებს, რომ საფრანგეთის გადაწყვეტილება, მალიში ისლამისტებთან დასაპირისპირებლად გაეგზავნა თავისი ჯარი, გამართლებული იყო. ოთხშაბათს აღმოსავლეთ ალჟირში, ლიბიასთან საზღვრის მახლობლად მდებარე გაზის საწარმოს თავს დაესხნენ „ალ ყაიდასთან“ დაკავშირებული ექსტრემისტები, რომლებმაც მძევლად აიყვანეს რამდენიმე ათეული ადგილობრივი და უცხოელი მოქალაქე. ალჟირის მედიის ცნობით, სამხედრო ოპერაციის მსვლელობაში მოხერხდა რამდენიმე უცხოელი მძევლის გათავისუფლება. მანამდე მედიამ, ექსტრემისტების განცხადებაზე დაყრდნობით, გაავრცელა ცნობა, რომ ოპერაციის მსვლელობაში დაიღუპნენ 34 მძევალი და 14 გამტაცებელი. თავდამსხმელების მოთხოვნა იყო მალიში საფრანგეთის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტა.
XS
SM
MD
LG