Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი განიხილავს ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ინიციატივას


"სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტს, რომლის საფუძველზეც, ყოფილ თუ მოქმედ სახელმწიფო თანამდებობის პირებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სფერო ხდება, პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენებით განიხილავს და დაამტკიცებს. იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა 16 იანვარს დეპუტატებმა პირველი მოსმენით – 103 ხმით, ერთხმად მიიღეს. პროექტს მხარი, კრიტიკის მიუხედავად, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამაც" დაუჭირა. იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვისა და დამტკიცებისას, მასში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება აისახა; მათ შორის "ნაციონალთა" რიგი შეთავაზებების გაზიარებაც მოხდა. კერძოდ, იუსტიციის სამინისტრომ და მასთან ერთად საპარლამენტო უმრავლესობამ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს არეალის ტერიტორიული თვალსაზრისით გაზრდის თაობაზე "ნაციონალური მოძრაობის" შეთავაზება გაიზიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი მოსმენით მიღებული პროექტის გათვალისწინებით, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მოქმედების მასშტაბი თბილისისა და ქუთაისის სასამართლეობის გარდა, ბათუმის სასამართლოზეც გავრცელდება. პროექტში კიდევ ერთი ცვლილება აისახა, რომლის გათვალისწინებით, პირის უფლება, დაკითხულ იქნეს მხოლოდ სასამართლოს მიერ, 2013 წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდება. გარდა ამისა, პირველი მოსმენით დამტკიცებულ პროექტში ისიც შეიცვალა, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებთან მიმართებაში ტერმინი "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი" აღარ იარსებებს. "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით" პირდაპირ განისაზღვრა, რომ ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონით განსაზღვრული თანამდებობის ყოფილი თუ მოქმედი წარმომადგენლების და მათთან ერთად დანაშაულის ჩამდენი პირების საქმეები განიხილება. გარდა ამისა, ბიუროს გადაწყვეტილებით, სასამართლო პროცესებზე აუდიოვიდეოგადაღებების დაშვების თაობაზე, ცალკე ინიციატივის სახით, "საერთო სასამართლოების შესახებ" ორგანულ კანონში შესატანი ნორმა იქნება ინიცირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაღებების მხოლოდ "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით" დაშვება საკანონმდებლო კოლიზიას ქმნის, რადგან ამის შესაძლებლობას ზემდგომი კანონი ზღუდავს.
XS
SM
MD
LG