Accessibility links

logo-print

საქართველოს პოლიციას ეთიკის ახალი კოდექსი ექნება


საქართველოს პოლიციას ეთიკის ახალი კოდექსი ექნება. მისი პროექტის პრეზენტაციას, რომელიც დღეს თბილისში გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ. შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიციელის პროფესიონალიზმი და ეთიკური ქმედება საზოგადოებაში ნდობის მოპოვების მთავარი საფუძველია. პოლიციელთა ეთიკის კოდექსში საუბარია საზოგადოებასთან ურთიერთობის ნორმებზე, რეგლამენტირებულია კოლეგებთან ურთიერთობა, დაკავებულ პირთა მიმართ დამოკიდებულება, სამსახურის გარეთ მოქცევა, ძალისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება და გამოძიების სტადიაზე სტანდარტული ქმედებები. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, პოლიციელის პირადი პასუხიმგებლობისა და კანონიერების განმტკიცების მიზნით, კოდექსით მკაცრად იკრძალება წინასწარი შეცნობით პოლიციელის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრძანების შესრულება. ”ჩვენი გუნდის სურვილია, პოლიციელი გახდეს სამაგალითო მოქალაქე” - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში, პოლიციელს დისციპლინური პასუხიმგებლობა დაეკისრება შესაბამისი კანონმდებლობით და შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით. ეთიკის კოდექსის დაცვას მონიტორინგს გაუწევს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა კონტროლის სამსახური.
XS
SM
MD
LG