Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტრასბურგში იმსჯელეს აგვისტოს ომის შემდგომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე


სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს აგვისტოს ომის შემდგომ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ სიტუაციაზე. დებატებამდე მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტმა წარადგინა მოხსენება, რომლის საფუძველზეც ასამბლეამ კენჭი უყარა რეზოლუციის პროექტს. დღეს დამტკიცებულ რეზოლუციას მნიშვნელოვანი უწოდა საქართველოს საპარალმენტო დელეგაციის წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ჩიქოვანმა. მისი განმარტებით, რეზოლუცია აღიარებს დევნილთა უფლებას დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად და ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიამ განახორციელოს მონიტორინგი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ”ხაზს ვუსვამ, რომ საუბარია სწორედ ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს რეზოლუციაში პირდაპირაა ასახული” - განუცხადა სტრასბურგში ჟურნალისტებს ირაკლი ჩიქოვანმა. საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წარმომადგენლის, თინა ხიდაშელის თქმით, ევროსაჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ”პირველად მოხვდა 2008 წლის 6-პუნქტიანი შეთანხმების უპირობოდ შესრულება,” რაც ხიდაშელის განმარტებით, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივა იყო და საპარლამენტო დელეგაციამ ამ პუნქტის რეზოლუციაში ასახვა შეძლო. უმცირესობის დეპუტატის ჩიორა თაქთაიშვილის განცხადებით, ევროსაბჭოში მარგინალურად მიიჩნევა რუსეთის პოზიცია იმის შესახებ, რომ აგვისტოს ომი საქართველომ დაიწყო და ოკუპაცია ამითაა გამართლებული. დეპუტატის შეფასებით, საპარლამენტო ასამბლეაში დღევანდელი დებატები იყო იმის კიდევ ერთი დასტური, რომ ევროსაბჭოს პოზიცია არ შეიცვლება და საქართველოს მხოლოდ საერთაშორისო ზეწოლით შეუძლია აიძულოს რუსეთი, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპაცია.
XS
SM
MD
LG