Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხელისუფლება ევროსაბჭოს ოპოზიციის მიერ მოტყუებულად მიიჩნევს


საქართველოს ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ოპონენტების მიერ მიწოდებული სიცრუე დაედო საფუძვლად საქართველოსთან დაკავშირებულ შეფასებებს, რომლებიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ 24 იანვარს დამტკიცებულ რეზოლუციაშია ასახული. საუბარია „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და რეზოლუცია ნაწილობრივ იმეორებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ 21 იანვარს გახმაურებულ ბრალდებებს. რეზოლუციაში ასახულ აქცენტებს მოძველებულად და უსაფუძვლოდ მიიჩნევენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც ამ ეტაპზე შეშფოთების საფუძველს ვერ ხედავენ.

რეზოლუციაში, სახელწოდებით ”მედიის თავისუფლების მდგომარეობა ევროპაში”, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული შეფასებები მე-20 და 21-ე პუნქტებში გააერთიანა. კერძოდ, მე-20 პუნქტში ასამბლეა გამოხატავს წუხილს იმის გამო, რომ ორგანიზაციის წევრმა რამდენიმე სახელმწიფომ, მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ გამოცვალა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ხელმძღვანელი პირები, რათა ზეგავლენა მოეხდინათ მაუწყებელთა პოლიტიკურ ორიენტაციაზე. ამ კონტექსტში საგანგაშო ფაქტად სახელდება ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წამოაყენა წინადადება თავისი მეუღლის კუთვნილი ტელევიზიის, მე-9 არხის, და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გაერთიანებისა და, ასევე, საკანონმდებლო ბაზის შეცვლის შესახებ. რეზოლუციის 21-ე პუნქტში ასამბლეა გამოთქვამს შეშფოთებას „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მოულოდნელ ფინანსურ შემოწმებათა გამო, რასაც თან ახლდა მაღალი თანამდებობის პირთა აგრესიული განცხადებები და მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი სადავო ცვლილებები.

ამგვარი შეფასებების შემცველი ინფორმაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 24 იანვარს დაამტკიცა, სამი დღით ადრე კი, კერძოდ, 21 იანვარს, საქართველოში „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შევიწროების თემას ასამბლეის ტრიბუნიდან გამოსვლისას პრეზიდენტი სააკაშვილიც შეეხო:

”ობიექტური საზოგადოებრივი ტელევიზიის გაძლიერების სანაცვლოდ, ახალმა მთავრობამ აიძულა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ დირექტორი გადამდგარიყო და საჯაროდ გამოაცხადა, რომ სურს „საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და პრემიერ-მინისტრის მეუღლის კუთვნილი ტელევიზიის – „მეცხრე არხი“ - გაერთიანება. ამგვარი ინიციატივა მრავალი წლით გვაბრუნებს უკან”.

„მე-9 არხისა“ და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესაძლო შერწყმის თემამ მწვავე კამათი გამოიწვია გასული წლის ნოემბრის ბოლოს, პრემიერ-მინისტრის განცხადებების საფუძველზე. თუმცა ბიძინა ივანიშვილმა შემდგომში არაერთხელ განმარტა, რომ მას სულაც არ უფიქრია „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ უფლებების ხელყოფა. ამ თემაზე განმარტებები პრემიერ-მინისტრმა 25 იანვარს შვეიცარიის ქალაქ დავოსშიც გააკეთა და იქვე აღნიშნა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ძველი მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა შეიყვანეს შეცდომაში:

”კარგი გამოსავალი მქონდა ნანახი: ჟურნალისტები რომ არ დარჩენილიყვნენ ქუჩაში, მთელ აპარატურას და რაც კი არსებობდა „მე-9 არხზე“, ყველაფერს ვჩუქნიდი პირველ არხს. რა იყო ამაში აგრესიული, მე ვერ გამიგია. ნუ, რაც ხდება დღეს საქართველოში, გასაგებია: სიცრუის გატანას ახერხებენ ნაწილობრივ და სამწუხაროა, რომ ევროსაბჭოშიც შეიტანეს ეს სიცრუე. ჯერ კიდევ ახერხებენ ევროპელების და ამერიკელების მოტყუებას, მაგრამ ძალიან ცოტას და ძალიან უმნიშვნელო საკითხებში... და ესეც მალე დასრულდება.”

ტყუილი არ უხსენებია, თუმცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში არსებულ ”უზუსტობაზე” ლაპარაკობს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური. მისი თქმით, შემოსავლების სამსახური „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ აბსოლუტურად კანონიერად ამოწმებს და ეს პროცესი ასევე კანონიერად გაგრძელდება. ხსენებულ პროცესში კანონდარღვევას ვერც არასამთავრობო სექტორი ხედავს. მის კრიტიკას იმსახურებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ასახული სხვა შეფასებებიც. მაგალითად, როგორც ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური ეუბნება რადიო თავისუფლებას, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რეზოლუციის ავტორები მოძველებული ინფორმაციით სარგებლობდნენ. გიგაური მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე შეშფოთების საფუძველი არ არსებობს:

”თავის დროზე ჩვენ გვაინტერესებდა კონკრეტული ნაბიჯები, ანუ რა მოხდებოდა, რა გეგმები აქვს ხელისუფლებას იმავე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით... ანუ თავიდან, არჩევნების შემდეგ, ჩვენ ამ შეკითხვებს ვსვამდით, თუმცა ახლა ნელ-ნელა გამოიკვეთა ტენდენციები და ვიცით, საითკენ მივდივართ”.

ეკა გიგაურის ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობდა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებული კანონპროექტის შემუშავების პროცესში და ის მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენდა. კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორისა და ინიციატორის, ”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს” აღმასრულებელი დირექტორის თამარ კორძაიას განცხადებით, ევროსაბჭოს საპარლემენტო ასამბლეის 24 იანვრის რეზოლუციაში ფაქტობრივი შეცდომაა გაპარული, რადგანაც საკანონმდებლო ცვლილებები სამთავრობო ინიციატივას არ წარმოადგენდა:

”პრემიერ-მინისტრს ინიციატივა არ წარუდგენია მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილებებთან დაკავშირებით, ხოლო ამ რეზოლუციაში ეს ასე იკითხება. არც არსებულა და არც ახლა არსებობს ბუნებაში საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რეზოლუციაში ასახული ინტერესების გამტარებელი იქნებოდა. ხოლო ჩვენ მიერ წარდგენილი ინიციატივა ქმნის იმდენად დაბალანსებულ სისტემას ინტერესთა გათვალისწინებით, რომლითაც ვერ შევა ჩიხში მაუწყებლის ხელმძღვანელობა და იქ ყოველთვის იქნება გაწონასწორებული ძალთა ბალანსი”.

საკანონმდებლო ცვილებათა პაკეტი პარლამენტმა ორიოდე დღის წინ უკვე დაარეგისტრირა საკანონმდებლო ინიციატივის სახით. კანონპროექტი საპარლამენტო განხილვებს ელოდება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG