Accessibility links

logo-print

მედვედევი: ასადმა შესაძლოა „ფატალური“ შეცდომა დაუშვა


რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დმიტრი მედვედევმა დავოსის ფორუმის დროს ტელეკომპანია CNN-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც განაცხადა, სირიის პრეზიდენტმა „ფუნდამენტური, შესაძლოა ფატალური“ შეცდომა დაუშვა, როცა პოლიტიკური რეფორმები არ გაატარა და ოპოზიციასთან დიალოგი არ დაიწყოო. მედვედევის თქმით, ასადის ბედი სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. სირიაში მიმდინარე ბრძოლაში მან თანაბრად დაადანაშაულა როგორც ხელისუფლება, ისე „შეურიგებელი“ ოპოზიცია, რომელშიც, მისი თქმით, „ისლამისტური რადიკალიზმის“ ელემენტებიც შედიან. ამავე ინტერვიუში მედვედევმა ისაუბრა კორუფციასთან დაპირისპირებულ რუს ადვოკატზე, სერგეი მაგნიტსკიზე, რომელიც წინასწარი დაკავების საკანში, 2009 წელს გარდაიცვალა. მედვედევის სიტყვებით, მაგნიტსკის კორუფციას კი არ ებრძოდა, არამედ წარმოადგენდა „რიგით კორპორატიულ ბუღალტერს, ან ადვოკატს, რომელიც თავის ბოსს ემსახურებოდა - მისი ბოსი კი ფული იყო“. მედვედევმა გააკრიტიკა „მაგნიტსკის კანონით“ ცნობილი ინიციატივა, რომელიც აშშ-მა შემოიღო და რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაში დადანაშაულებულ რუსეთის მოქალაქეებს მიზნობრივ სანქციებს უწესებს.
XS
SM
MD
LG