Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის პრესსამსახური გამოეხმაურა სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის განცხადებას


პრეზიდენტის პრესსამსახური გაკვირვებულია სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის განცხადებით, რომელიც მან გასულ კვირაში გაავრცელა პატიმრობიდან საქართველოს მოქალაქის ვაჰაგან ჩახალიანის გათავისუფლების გამო. მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახურის დღევანდელ განცხადებაში ღრმა პატივისცემაა გამოთქმული თანამოქალაქე ეთნიკური სომხებისა და საქართველოში სომეხთა ეპარქიის მიმართ და ნათქვამია, რომ პრეზიდენტს არაერთხელ აღუნიშნავს სამაგალითო თავდადება, რომელიც საქართველოსთვის გამოუჩენიათ სომეხ მოქალაქეებს. ”საზოგადოებისათვის ასევე ცნობილია, რომ საქართველოში იყვნენ და დღესაც არიან პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც საკუთარ პოლიტიკურ პერსპექტივას ყოველგვარი ფობიების, მათ შორის, არმენოფობიის გაღვივებაზე აგებენ და პრეზიდენტს არაერთგზის განუცხადებია, რომ ამგვარი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია და წარსულს უნდა ჩაბარდეს”, - ნათქვამია განცხადებაში. მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახური აღნიშნავს, რომ პატიმრობიდან ვაჰაგან ჩახალიანის გათავისუფლებაზე საუბრისას პრეზიდენტმა ხაზგასმით თქვა, რომ ეთნიკურ წარმოშობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, საქმე ეხება საქართველოს მოქალაქის კრიმინალურ ქმედებებს და მან ასევე, არაერთხელ გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება ამნისტიისა და განსაკუთრებით, რუსეთის ჯაშუშების გათავისუფლების მიმართ, რომელთა უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია. ”გაუგებარია, რატომ გახდა ეპარქიის ხელმძღვანელთა მხრიდან პოლიტიზებული განცხადების მოტივად კონკრეტული დამნაშავეების, რუსეთის ჯაშუშების გათავისუფლების ფაქტი და საქართველოს ახალი მთავრობის საფუძვლიანი კრიტიკა”, - აცხადებს პრეზიდენტის პრესსამსახური და იმედს გამოთქვამს, რომ გაუგებრობა არაინფორმირებულობით იყო გამოწვეული. სომეხთა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ 26 იანვარს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ვაჰაგან ჩახალიანის გათავისუფლების გამო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელთა მოსაზრებებს უწოდა არაკორექტული და საქართველოს მრავლეთნიკურ საზოგადოებაში ანტისომხური განწყობის გავრცელების მცდელობა. საქართველოში სომეხთა ეპარქია დაინტერესდა თუ ვაჰაგან ჩახალიანი რეალურად იყო სეპარატისტი და ჯაშუში, როგორც ამას ნაციონალური მოძრაობა აცხადებს, მაშინ რატომ არ გაასამართლეს ის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით.
XS
SM
MD
LG