Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიხეილ სააკაშვილს კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში ადანაშაულებს


ადამიანის უფლებათა ცენტრი კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში ადანაშაულებს საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს. ორგანიზაციამ შეშფოთება გამოთქვა ამნისტიის კანონის საფუძველზე გათავისუფლებული ვაჰაგნ ჩახალიანის გარშემო პოლიტიკური სპეკულაციის გამო და მოუწოდა პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმცირესობას, შეწყვიტონ გამიზნული დეზინფორმაციის გავრცელება. ცენტრი, რომლის ადვოკატებიც ჩახალიანის ინტერესებს იცავენ, აცხადებს, რომ სააკაშვილი, ბაქრაძე და უმცირესობის სხვა წარმომადგენლები მათ კლიენტს მიაწერენ ისეთ მძიმე დანაშაულს, რომელიც მას ბრალად წაყენებული არ ჰქონია, კერძოდ, აღნიშნავენ, რომ ჩახალიანი არის რუსეთის ჯაშუში, სცემა მონაზონს, დაარბია ეპარქია, უნივერსიტეტი და პოლიცია, იარაღს აგროვებდა მეამბოხეებისთვის. ცენტრი განმარტავს, რომ სასამართლომ ჩახალიანს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ჯგუფურ ხულიგნობაში მონაწილეობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ფეთქებადი ნივთიერების შეძენა-შენახვისთვის, და მოუხსნა მონაზვნის ფიზიკური შეურაცხყოფის ბრალდება. ცენტრის შეფასებით, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლების და პრეზიდენტის კანონსაწინააღმდეგო მოქმედების - ცრუ დასმენის - გარდა, ისინი არღვევენ საქართველოს მოქალაქის უდანაშაულობის პრეზუმფციას.
XS
SM
MD
LG