Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლელი დიპლომატები: ირანი აპირებს ურანის გამდიდრების პროცესის დაჩქარებას


დასავლელი დიპლომატების ინფორმაციით, ირანი აპირებს, მნიშვნელოვნად დააჩქაროს ურანის გამდიდრების პროცესი. დიპლომატებმა დღეს უთხრეს საინფორმაციო სააგენტოებს, რომ, როგორც თეირანმა შეატყობინა ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს, ის ნატანცის ბირთვულ საწარმოში დაამონტაჟებს ათასობით თანამედროვე ცენტრიფუგას. ასეთი მოდერნიზაციის შედეგად, ამჟამინდელზე ორჯერ, ან სამჯერ უფრო სწრაფი იქნება ურანის გამდიდრების პროცესი მაშინ, როცა საერთაშორისო თანამეგობრობა მისგან ითხოვს ურანის გამდიდრებისათვის ბოლოს მოღებას. აშშ-ის თეთრი სახლის პრეს-მდივანმა, ჯეი კორნიმ განაცხადა, რომ ირანის ეს ნაბიჯი ვითარების დაძაბვას ემსახურება და თეირანის მიერ ნაკისრი ვალდებულებების კიდევ ერთხელ დარღვევაა. ეს ირანის კიდევ უფრო დიდ იზოლაციას გამოიწვევს საერთაშორისო თანამეგობრობაში, თქვა კონრიმ და დასძინა: „კვლავაც გვწამს, რომ გვაქვს დრო და არე ვიმოქმედოდ დიპლომატიის ჩარჩოებში, მაგრამ ასეთი ქმედებები ირანის ბირთვული იარაღის თაობაზე შეშფოთების დაძლევის მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის მცდელობებს ასამარებს“. დასავლეთში შიშობენ, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს და ირწმუნება, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.
XS
SM
MD
LG