Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი გამოდის სამართლიანი კოჰაბიტაციისაკენ მოწოდებით


ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო გამოდის მოწოდებით, რომ საქართველოში დამკვიდრდეს, რაც შეიძლება, სამართლიანი კოჰაბიტაცია და ყველას მიეცეს თავისი როლის შესრულების საშუალება - ოპოზიციას, უმრავლესობას, საზოგადოებასა და მედიას. ამ საკითხს ბუკიკიო შეეხო ხუთშაბათს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელსაც წინ უძღოდა მისი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ვენეციის კომიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობას ურჩევს რეფორმების გაგრძელებას, თუმცა, მიზანშეწონილად მიიჩნევს რეფორმების ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებას. დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, ბუკიკიომ ახსენა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით უსუფაშვილთან შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმება: ”პარლამენტის თავმჯდომარესთან მიღწეული შეთანხმების მიხედვით, დიდი ალბათობით განხორციელდება სპეციფიკური, გადაუდებელი საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგრამ კონსტიტუციის უფრო სიღრმისეული გადახედვისთვის დროა საჭირო და ეს პროცესი ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობით წარიმართება. ბატონი უსუფაშვილი და მე შევთანხმდით, რომ საპარლამენტო საკონსტიტუციო კომისიაში იმუშავოს მეკავშირე მოხელემ, ვენეციის კომისიასთან მუდმივი კონტაქტის დასამყარებლად და კონსულტაციების პროცედურის გასამარტივებლად.”
XS
SM
MD
LG