Accessibility links

გიგი უგულავა გამოეხმაურა არჩილ კბილაშვილის განცხადებას


თბილისის მერი დღეს გამოეხმაურა ტელეკომპანია ”მაესტროსთან” საქართველოს მთავარი პროკურორის ინტერვიუს, რომელშიც არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ მერიის მიერ შექმნილი სამსახურის ”თბილსერვის ჯგუფის” საქმეზე სავარაუდოდ, გიგი უგულავასაც დაკითხავენ. ”მთავარი პროკურორის სატელევიზიო გამოსვლიდან ნათლად ჩანს, რომ მას ვერ გაუგია სამსახურეობრივი მოვალეობები და თავს მიიჩნევს პოლიტიკურ ბრალმდებლად, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ხსენებული გამოძიების პოლიტიკურ მოტივაციას, დააშინოს და დააშანტაჟოს ყველა ის ადამიანი, ვინც ნაციონალური მოძრაობის მომხრე იყო”, - ნათქვამია გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში. თბილისის მერი მისი შეფასებების დასტურად იმას მიიჩნევს, რომ ”პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების გასამართლებლად პროკურორმა მაგალითად მოიყვანა დასუფთავების ტარიფის დარიცხვასთან დაკავშირებით საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რითაც აშკარად შეეცადა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებასა და გამოძიების რეალური მიზნების შენიღბვას.” უგულავას განცხადებითვე, ”ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ბრიფინგიდან ჩანს, რომ პრეტენზია ვრცელდება 2009 წლის 31 დეკემბრის საქმესთან დაკავშირებით,” თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით კი, დასუფთავების ახალი ტარიფი 2011 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა. ”ხსენებული ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კბილაშვილმა ივანიშვილის დავალებით გამოძიება პოლიტიკურად მიუღებელ პირებთან ბრძოლის მახინჯ ინსტრუმენტად აქცია”, - ნათქვამია თბილისის მერის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG