Accessibility links

თბილისის მერი დაკითხვაზე დაიბარეს


თბილისის მერი, გიგი უგულავა შაბათს, 1 საათზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. ეს ცნობა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ პარასკევს საღამოს გაავრცელა. ცნობის გავრცელებამდე, დღის განმავლობაში თავად გიგი უგულავას და მისი მხარდამჭერების მხრიდან მწვავე რეაქციები მოჰყვა მთავარი პროკურორის მიერ ტელეკომპანია „მაესტროსთვის“ მიცემულ ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებას იმის თაობაზე, რომ ”ნაციონალური მოძრაობის” პარტიული ინტერესების დაფინანსებაზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა და რამდენიმე ასეული მოწმის დაკითხვის შემდეგ დედაქალაქის მერიც დაიკითხება. ”მთავარი პროკურორის სატელევიზიო გამოსვლიდან ნათლად ჩანს, რომ მას ვერ გაუგია სამსახურეობრივი მოვალეობები და თავს მიიჩნევს პოლიტიკურ ბრალმდებლად, რაც კიდევ ერთხელ მოწმობს ხსენებული გამოძიების პოლიტიკურ მოტივაციას, დააშინოს და დააშანტაჟოს ყველა ის ადამიანი, ვინც ნაციონალური მოძრაობის მომხრე იყო”, - ნათქვამია გიგი უგულავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG