Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ნაციონალური მოძრაობა”: გაგრძელება იქნება?..


ვანო მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის აქციაზე. 2012 წლის 29 სექტემბერი
ვანო მერაბიშვილი ნაციონალური მოძრაობის აქციაზე. 2012 წლის 29 სექტემბერი
”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი ხელისუფლებაში დაბრუნების გეგმებზე ალაპარაკდა. მისი თქმით, ოპოზიცია ახალი მთავრობის ვადის ამოწურვას ვერ დაელოდება. როგორ აფასებენ პოლიტოლოგები და უმრავლესობის წარმომადგენლები ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ვანო მერაბიშვილის, განცხადებებს და როგორ აპირებს “ნაციონალური მოძრაობა” ხელისუფლებაში დაბრუნებას?

”პირდაპირ გეტყვით, ეს მთავრობა ისეთია, ოთხ წელიწადს ვერ დაველოდებითო”, - ასე თქვა ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა მოძრაობის ოფისში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც იძულებით გადაადგილებული პირები ესწრებოდნენ. თითქმის ერთსაათიან შეხვედრას, შეიძლება ითქვას, დიალოგის ფორმატი ჰქონდა. სასაუბრო თემას კი ორივე მხრიდან ახალი ხელისუფლების, ”ქართული ოცნების”, დაუფარავი კრიტიკა წარმოადგენდა. შეხვედრის მიწურულს კრიტიკამ კულმინაციას მიაღწია და ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ხელისუფლებაში დაბრუნების გეგმაც გაშიფრა:

ახლა ზამთარია და ქუჩის მასობრივი აქციები ჯერ ადრეა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი, - როგორც ვირტუალური, ასევე პირდაპირი ქმედებებისა, - რომელიც დაასუსტებს ამ ხელისუფლებას...
ვანო მერაბიშვილი

”იმისათვის, რომ ხელისუფლებაში მოხვიდე, არ არის აუცილებელი საპარლამენტო არჩევნები ჩაატარო”, - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა და ”ნაციონალური მოძრაობის” სამომავლო ამოცანები წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას:

”ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხვალ, ახლა გავვარდებით და სახელმწიფო გადატრიალებას მოვაწყობთ და მთავრობას ჩამოვაგდებთ. ხელისუფლებაში მოსვლის სხვადასხვა გზა არსებობს: საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება, სახელმწიფოს იმ ინსტიტუტების დასუსტება, რომლებიც რეპრესიულია, ადამიანების გადაბირება და ა.შ. ანუ ჩვენ რაღაც ფორმით უკვე უნდა დავიწყოთ ხელისუფლებაში დაბრუნება და ინიციატივის ხელში აღება”.

ვანო მერაბიშვილის მიერ ხელისუფლების დასუსტებისათვის შემუშავებული გეგმის ერთ-ერთ მთავარ იარაღს, მისივე სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ, ქუჩის აქციები წარმოადგენს და, ისევ და ისევ მის სიტყვებს თუ მივყვებით, “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციებს საზოგადოება გაზაფხულიდან უნდა ელოდეს:

”ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევავიწროვოთ ეს ხელისუფლება. დღეს ჩვენ დაკავებული ვართ იმ რესურსების შენარჩუნებით, რაც გვქონდა. ახლა ზამთარია და ქუჩის მასობრივი აქციები ჯერ ადრეა, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ჩვენ გვაქვს მთელი არსენალი, - როგორც ვირტუალური, ასევე პირდაპირი ქმედებებისა, - რომელიც დაასუსტებს ამ ხელისუფლებას”, - აცხადებს ვანო მერაბიშვილი.

ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი კანონიერი გზა, ეს არის არჩევნები და სხვა კანონიერი გზა ხელისუფლების შეცვლისა არ არსებობს, აცხადებს რადიო თავისუფლებასთან საუბარში ვახტანგ ხმალაძე, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ხოლო საუბარი სახელმწიფო ინსტიტუტების განზრახ დასუსტებაზე ეს უკვე პირდაპირი დანაშაულია, ამბობს ის:

ვახტანგ ხმალაძე
ვახტანგ ხმალაძე
”კონსტიტუციით იკრძალება მთელი რიგი ქმედებები პოლიტიკური პარტიებისა - მოქმედებები, რომლებიც მიმართულია სწორედ სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგალითად, როდესაც არის მოწოდებები არა მხოლოდ შეიარაღებული ქმედებებისკენ, არამედ მასობრივი არეულობისკენ და ა.შ. და თუ კარგად დავუკვირდებით, სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება ეს არის არაპირდაპირ სწორედ ასეთი მოწოდება, რადგან სწორედაც რომ სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტებამ შეიძლება გამოიწვიოს ქვეყანაში არასასურველი პროცესები”, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

”ამ განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ გეგმავს პროვოკაციაზე წამოაგოს ხელისფულებაო”, - მიაჩნია პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძეს. მისი ვარაუდით, ოპოზიცია ცდილობს გამოიწვიოს ხელისუფლების გაუთვლელი, ემოციური ნაბიჯი, რომელსაც შემდგომ „ნაციონალური მოძრაობა“ სათავისოდ გამოიყენებს. ვახტანგ ძაბირაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში იმასაც ამბობს, რომ ვანო მერაბიშვილი შესაძლოა ამ განცხადებით საზოგადოებაში გაჩენილი შიშების გამყარებასაც გეგმავს, რომელიც პრეზიდენტის მიერ მთავრობის დათხოვნის მექანიზმის ამოქმედებას უკავშირდება.

”სამი თვეა პრეზიდენტისა და მისი გუნდის მხრიდან მუდამ ისმის, რომ პრეზიდენტი არ აპირებს მთავრობის დათხოვნას, მაგრამ როდესაც მერაბიშვილი საუბრობს ხელისუფლების ცვლილებაზე, სხვა მექანიზმი იმისა, რომ არ გავიდეს კონსტიტუციის ფარგლებიდან, უბრალოდ, არ არსებობს. ანუ საუბარია ამ მექანიზმის ამოქმედებაზე”, - ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

”სავარაუდოდ, ოპოზიციამ მყარად გადაწყვიტა, რომ საქმე მიიყვანოს ვადამდელ არჩევნებამდე”, - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ვანო მერაბიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ ხელისუფლებას ოთხი წელი ვერ დაელოდება. ვახტანგ ძაბირაძის დარად, ისიც ფიქრობს, რომ არ არის გამორიცხული პრეზიდენტმა გამოიყენოს
გამოვრიცხავ იმას, რომ მერაბიშვილი საუბრობდა „ვარდების რევოლუცია 2“-ის მოწყობაზე. შეიძლება ამჯერად ოპოზიციას გათვლა აქვს აღებული იმაზე, რომ გაზაფხულზე სოციალური ფონი იმდენად მწვავე იქნება, იმდენად უარყოფითი იქნება, რომ მოსახლეობა თვითონ გამოვა ქუჩაში...
სოსო ცინცაძე

კონსტიტუციური უფლება და დაითხოვოს მთავრობა, რასაც გაგრძელებად, არსებული კონსტიტუციის მიხედვით, შესაძლოა ჯერ პარლამენტის დათხოვნა, შემდეგ კი ვადამდელი არჩევნები მოჰყვეს. როგორც სოსო ცინცაძე ამბობს, ის შორს არის იმ აზრისგან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ძალისმიერი მეთოდებით გეგმავს ბრძოლას ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის, რადგან, მისი თქმით, ამის რესურსი ოპოზიციას დღეს არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ გააჩნია:

”გამოვრიცხავ იმას, რომ მერაბიშვილი საუბრობდა „ვარდების რევოლუცია 2“-ის მოწყობაზე. შეიძლება ამჯერად ოპოზიციას გათვლა აქვს აღებული იმაზე, რომ გაზაფხულზე სოციალური ფონი იმდენად მწვავე იქნება, იმდენად უარყოფითი იქნება, რომ მოსახლეობა თვითონ გამოვა ქუჩაში”, - ფიქრობს სოსო ცინცაძე.

რაც შეეხება პოლიტოლოგებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ნახსენებ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციური უფლების გამოყენებას და მთავრობის დათხოვნას, შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებიდან ერთ-ერთი სწორედ პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას ეხება, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი ვერ შეძლებს პარლამენტის თანხმობის გარეშე ახალი მთავრობის დანიშვნას. თუმცა აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ, საკონსტიტუციო ცვლილების მიხედვით, პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი არჩევნებიდან ექვსი თვის ვადაში და დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ამ ეტაპზე დასრულებულია საკონსტიტუციო ცვლილების საჯარო განხილვები და მომზადებულია განხილვათა დასკვნის პროექტი. ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში ბიუროს სხდომაზე გადაწყდება საპარლამენტო განხილვის გრაფიკის საკითხი. როგორც ვახტანგ ხმალაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა შესაძლოა ვეტოს უფლება გამოიყენოს, საკონსტიტუციო ცვლილება, ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, ძალაში, სავარაუდოდ, თებერვალში ან მარტში შევა.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ოპოზიცია ახალი ხელისუფლების ვადის ამოწურვას ვერ დაელოდება, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ეხმაურება და აცხადებს, რომ ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან პინგ-პონგის თამაშს წყვეტენ. მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" ყოველდღიურად ახდენს სიცრუის ტირაჟირებას, რაზეც ხელისუფლებას მომავალში რეაგირება აღარ ექნება.
XS
SM
MD
LG