Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენი: აშშ-სა და რუსეთს შორის კვლავაც რჩება აზრთა სხვადასხვაობა


აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიუნხენში, უშიშროების საკითხებისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობებზე საუბრისას გაიმეორა შეერთებული შტატების ხედვა, რომ სუვერენულ სახელმწიფოებს აქვთ უფლება, თავად აირჩიონ საკუთარი მოკავშირეები. მისი თქმით, ვაშინგტონსა და მოსკოვს აზრთა სხვადასხვაობა აქვთ სირიის, ნატოს გაფართოების, ანტისარაკეტო თავდაცვის და დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებზე. ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან არ მოხდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება. მაგრამ მან თქვა, რომ ამერიკას და რუსეთს ამავე დროს მრავალი საერთო ინტერესი აქვთ, მათ შორისაა ბირთვული არსენალის შემცირება და ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა. ფორუმზე რუსეთს წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. მან ნატოსა და სხვა ორგანიზაციებს, რომელთაც მხარს უჭერს შეერთებული შტატები, ბრალი დასდო, რომ ისინი ატარებენ უსაფრთხოების ისეთ პოლიტიკას, რომელიც შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებს აძლევთ ხელს. მან ასევე განაცხადა, რომ ეჭვი ეპარება სირიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა საკითხებისადმი დასავლეთის ქვეყნების მიდგომის სისწორეში. შაბათს კონფერენციის კულუარებში გაიმართა შეხვედრა ბაიდენსა და ლავროვს შორის. მიუნხენის 49-ე კონფერენცია პარასკევს დაიწყო და კვირას დასრულდება.
XS
SM
MD
LG