Accessibility links

logo-print

გურამ ოდიშარია აპირებს აფხაზურ მხარეს თანამშრომლობა შესთავაზოს


აფხაზეთში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის გამო აფხაზურ მხარესთან კონტაქტს გეგმავს საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრი - ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს თავად გურამ ოდიშარიამ განუცხადა. რამდენიმე დღის წინ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა ადგილობრივ მეცნიერებს დაავალა მოამზადონ წინადადებები მოქვის, ბედიისა და ილორის ტაძრების რეკონსტრუქციისთვის. ამასთან, ცნობილია, რომ ილორის ტაძარს უკვე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რომლის შედეგად ძეგლმა ავთენტურობა დაკარგა და როგორც დღეს გურამ ოდიშარიამ განაცხადა, რესტორნისმაგვარ შენობას დაემსგავსა. საქართველოს კულტურის მინისტრის შეფასებით, ანქვაბის მიერ კვლავ ილორზე საუბარი სწორედ წარუმატებელმა რეკონსტრუქციამ განაპირობა. რაც შეეხება მოქვის და ბედიის მონასტრებს, ოდიშარიამ აღნიშნა, რომ მათი ამჟამინდელი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა რეკონსტრუქცია ჯერჯერობით არ დაწყებულა. მინისტრი აპირებს აფხაზურ მხარეს თანამშრომლობა შესთავაზოს და დაუკავშირდეს ევროპელ ექსპერტებსაც, რომლებსაც დახმარების სურვილი აქვთ. ”ეს ტაძრები აფხაზებმა და ქართველებმა ერთად ავაშენეთ, ერთად ვლოცულობდით და მგონია, რომ ცოტა სხვანაირი ნაბიჯებით წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ”, - განაცხადა დღეს გურამ ოდიშარიამ. სააგენტო ”აფსნიპრესის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, არქიტექტურული ძეგლების მდგომარეობაზე მსჯელობას უახლოეს სხდომაზე პირველად აპირებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭო.
XS
SM
MD
LG