Accessibility links

logo-print

ტუნისიდან იუწყებიან დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებებზე


ტუნისში შეტაკებები მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის. საპროტესტო აქციები მოჰყვა სეკულარული ოპოზიციის ლიდერის, ჩოქრი ბელაიდის გუშინდელ მკვლელობას. ბელაიდი აკრიტიკებდა ზომიერ ისლამისტურ პარტია "ენადას", რომელიც წამყვანი ძალაა მთავრობაში. ცენტრალურ ტუნისში მდებარე ქალაქ გაფსაში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც აალებად ყუმბარებს ისროდნენ. პოლიციელებთან დემონსტრანტების დაპირისპირების შესახებ იუწყებიან დედაქალაქ ტუნისიდანაც. იუწყებიან ასევე, რომ ტუნისის სეკულარული ოპოზიციური სახალხო ფრონტის წარმომადგენელმა ჰამა ჰამამიმ ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ბელაიდის მკვლელობის შემდეგ ოპოზიციის წევრები ტოვებენ ეროვნულ ასამბლეას, რომელსაც კონსტიტუციის შექმნა ევალება. „ყველანი შევთანხმდით, რომ ამ უუნარო მთავრობამ კრახი განიცადა. შესაბამისად, ამ მთავრობას ჩვენი ქვეყნის მომავალთან აღარაფერი ესაქმება. ჩვენ უნდა მოვითხოვოთ მთელი გუნდის გადადგომა და ჩამოყალიბება ახალი მთავრობისა, რომელიც გარდამავალი პერიოდის დარჩენილ მონაკვეთში გაუძღვება ქვეყანას“, - განაცხადა ტუნისში ოპოზიციის წარმომადგენელმა. ბელაიდის მკვლელობის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა ჰამადი ჯებალიმ პირობა დადო, რომ კაბინეტს დაითხოვს და ექსპერტების მთავრობას შექმნის.
XS
SM
MD
LG