Accessibility links

გიგი უგულავა გამომძიებელს თბილისის მერიაში ელოდება


თბილისის მერი შს-თა მინისტრის განცხადებას იმის დასტურად მიიჩნევს, რომ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან განვითარებული მოვლენების გამო მიმდინარე გამოძიებას უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს. ”ასევე მინისტრი ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ მე უარს ვამბობ დაკითხვაზე, რადგან უარს ვამბობ მხოლოდ პოლიციაში მისვლაზე და ამით პირველ რიგში პოლიციელებისა და გამომძიებლების ღირსებას ვიცავ, რადგან არ მსურს, რომ ისინი კიდევ ერთხელ გახდნენ ივანიშვილისა და ღარიბაშვილის ინსტრუმენტები ოპოზიციასთან ბრძოლაში”, - ნათქვამია უგულავას მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. თბილისის მერი აცხადებს, რომ აზრს არ იცვლის და გამომძიებელს თბილისის მერიაში ელოდება. რაც შეეხება, მერის მიმართ იძულებითი ზომების გამოყენებას, მას თბილისის მერია სამრთლებრივად არასწორს უწოდებს. მისი განცხადებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმეებს, დაზარალებულებს, ეჭვმიტანილებსა და ბრალდებულებს გამომძიებელი დაკითხავს წინასწარი გამოძიების წარმოების, ან დასაკითხის ყოფნის ადგილას, ხოლო იძულებით დაკითხვაზე მიყვანის მიზანია უზრუნველყოფილი იყოს მოწმის მონაწილეობა, თუ ის უარს ამბობს ნებაყოფლობით გამოცხადებაზე და ამასთან, დადგენილია არასაპატიო მიზეზები. თბილისის მერია მიიჩნევს, რომ სამართალდამცავებს არ აკისრიათ მოწმედ გამოძახებული პირის დაკითხვის ვალდებულება უშუალოდ სამართალდამცავ ორგანოებში.
XS
SM
MD
LG