Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა დაკითხვაზე არ გამოცხადდა


თბილისის მერს საქართველოს კანონმდებლობა და მისი დარღვევისთვის გათვალისწინებული ზომები შეახსენა შსს-მ. მის დღევანდელ განცხადებაში ნათქვამია, რომ გიგი უგულავა მოწმედ დასაკითხად იყო დაბარებული ძველი თბილისის რაიონის პოლიციაში, თუმცა არ გამოცხადდა და შესაბამისად, უხეშად დაარღვია საქართველოს კანონმდებლობა. შსს-ს განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი იმპერატიული წესის თანახმად, მოწმე ვალდებულია გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს გამოძახებით, აცნობოს ყველაფერი, რაც საქმის გარშემო იცის და უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. სამინისტროს განმარტებითვე, თუ მოწმე არ გამოცხადდება არასაპატიო მიზეზით, შესაძლებელია მისი იძულებით მიყვანა, რის ბრძანებასაც მოსამართლე გასცემს გამომძიებლის შუამდგომლობის საფუძველზე. სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩვენებაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ქალაქის მერი კი არ არის ჩამონათვალში თანამდებობის იმ პირებისა, რომელთა ბრალდებულად ცნობას პარლამენტის, ან სხვა სახელმწიფო ორგანოს სპეციალური თანხმობა სჭირდება. ”გამოძიება აფრთხილებს გიგი უგულავას, რომ თუ ის არ შეასრულებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებულ მოვალეობებს და არ გამოცხადდება ჩვენების მისაცემად, მისი უმოქმედობა შეფასდება მოწმის მიერ ჩვენებაზე უარის თქმად და გატარდება კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები”, - ნათქვამია შსს-ს დღევანდელ განცხადებაში. თბილისის მერი მოწმედ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან 8 თებერვალს მომხდარი დაპირისპირების გამო დაიბარეს, თუმცა 10 თებერვალს გიგი უგულავა პოლიციაში არ გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG